„ვიწყებთ ნულიდან და ვიღებთ ვალდებულებას, გვახსოვდეს სამშობლოსათვის მებრძოლები, წაგებული თუ მოგებული ომები, რამაც განაპირობა დღევანდელი რეალობა“,_ საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც ისტორიკოსები და ჟურნალისტები შედიან, სამხედრო მუზეუმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.
მათი თქმით, სამხედრო მუზეუმი ეროვნული პროექტია, რომელიც პატრიოტული აღზრდის, სამხედრო ისტორიის დეტალური კვლევის და განათლების მძლავრი კერა უნდა გახდეს. მუზეუმი ხელს შეუწყობს ქართული სამხედრო კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
აღნიშნული იდეის შესახებ ჯგუფმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამოფენა „რესპუბლიკის მხედრების“ გახსნისას განაცხადა.
მათი თქმით, გამოფენისთვის შეირჩა 1918-1921 წლების მთავრობის სასახლის შენობა, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და მდებარეობდა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი.
გამოფენა ,,რესპუბლიკის მხედრები” ეძღვნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წ) მებრძოლებს და უახლესი ისტორიის რეპრეზენტაციას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჯარის და სახალხო გვარდიის არტეფაქტები, იარაღი, დროშები, ინფორმაცია უცნობ მებრძოლთა შესახებ, გრაფიკული მასალა. პირადი ნივთები ხელშესახებს გახდის ისტორიას, რომელიც ბოლშევიზმის პერიოდიდან მიზანმიმართულად ყალბდებოდა.
გამოფენა ტარდება სამოქალაქო მოძრაობის ტექნიკური და საორგანიზაციო მხარდაჭერით.
როგორც ისტორიკოსმა დიმიტრი სილაგაძემ „გურია ნიუსს“ უთხრა, საქართველოს გარდა არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც სამხედრო მუზეუმი არ აქვს და თუ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროს განვითარება სურს, მაშინ სათანადო ნაბიჯები უნდა გადადგას მუზეუმი შექმნას.
„ჩვენი მისია არის ის, რომ სახელმწიფოს და საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ასეთი მუზეუმის შემქნა აუცილებელია. ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ნაბიჯების გადადგმა. ამ შემთხვევაში საუბარია რესურსის გამოყოფაზე და შემდეგ უკვე სამუზეუმო სპეციალისტებმა და ისტორიკოსებმა უნდა მოაბან თავი და შეიქმნას სამხედრო მუზეუმი. გვაქვს ძალიან ბევრი ექსპონანტი, მაგალითად, ეროვნული მუზეუმის საცავებში, რომელსაც ბუნებრივია ვერ შეძლებს ყველა სამხედრო მასალის გამოფენა. ამიტომ საჭირო არის სამხედრო მუზეუმი, რომელიც დაქვემდებარება მას. სამხედრო ტექნიკა, იარაღი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არის გაბნეული უნდა გამოიფინოს. თუ გვინდა სახელმწიფოში სამხედრო საქმის განვითარება, თავდაცვისუნარიანობაზე ფიქრი ერთ-ერთი კომპონენტი არის ის, რომ ჩვენ ჩვენი მოქალაქეები ამით დავაინტერესოთ. დაინტერესების ერთ-ერთი კომპონენტი არის მუზეუმი. არ ვიცი სახელმწიფო, ჩვენს გარდა, სადაც სამხედრო მუზეუმი არ არსებობს. 30 წელია დამოუკიდებლები ვართ და ამას ვერ მოვაბით თავი, რაც უფრო გადავდებთ, უფრო გაგვიჭირდება“,_ამბობს სილაგაძე.
შეკითხვაზე თუ სად უნდა განთავსდეს სამხედრო მუზეუმი და როგორი უნდა იყოს ის_ ისტორიკოსი ამბობს, რომ მუზეუმისთვის ცალკე შენობა, რომელსაც ექნება ეზო უნდა გამოიყოს ან უნდა აშენდეს, რადგან ერთ ოთახში სამხედრო ტექნიკა ვერ გამოიფინება.
„ცალკე შენობა უნდა არსებობდეს, რომელსაც ექნება ეზო. ეს რომ ერთ რომელიმე დარბაზში გამოიფინოს, ეს იქნება უბრალოდ გამოფენა. ამ გამოფენის მიზანია ამ ადამიანების შეხსენება, რომლებიც ქვეყნისთვის იბრძოდნენ და დაიღუპნენ და მეორე ის, რომ ამ ადამიანების ფონზე გაჟღერებულიყო ეს იდეა. ერთი, ის რომ ქვეყანა თავისუფალია ეს არის მათი ბრძოლის კომპენსაცია და მეორე კომპენსაცია არის ის რომ ესენი დავიწყებულები არ იქნებიან“,_ამბობს სილაგაძე.
სამხედრო მუზეუმის შექმნის პროცესის პარალელურად საინიციატივო ჯგუფი მოაწყობს პერიოდულ გამოფენებს, დაიწყებს ნივთების შეგროვებას მომავალი სამხედრო მუზეუმისთვის, შეიქმნება საიტი, სადაც განთავსდება მოპოვებული არტეფაქტები, ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.