ტურიზმის ფესტივალმა გურიაში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით იმართება და წარმოადგენს სანახაობრივ, შემეცნებით და კულტურული ღონისძიებების ერთობლიობას, დღეს სტარტი ლანჩხუთიდან აიღო.
ფესტივალის გამართვა ქალაქის ცენტრალურ პარკში იგეგმებოდა, თუმცა, უამინდობის გამო, ღონისძიებამ კულტურის სახლში გადმოინაცვლა, სადაც სტუმრებს საშუალება ქონდა ეთნოგრაფიულ კუთხე დაეთვალიერებინათ და ახლოს გაცნობოდნენ ტურიზმის განვითარების კუთხით რა პოტენციალი გააჩნია ლანჩხუთს.
ლანჩხუთში გამართულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე და ჩოხატაური-ლანჩხუთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ესწრებოდნენ. წინასწარ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრებოდა რამდენიმე მინისტრთან ერთად, თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა და ფესტივალი ამ მაღალი რანგის სტუმრების გარეშე მიმდინარეობს.