რამდენიმე საათის წინ “გურია ნიუსმა“ გაავრცელა “ქართული ოცნების“ ოზურგეთის პარტიული სიის შემადგენლობის შესახებ. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ქართული ოცნების“ ოზურგეთის პარტიულ სიაში ახალი სახე ხათუნა ცერცვაძეა, რომლის გამოჩენამაც უკვე გამოიწვია საზოგადოების მაღალი ინტერესი.
ვინ შესთავაზა, რატომ დათანხმდა, ნიშნავს თუ არა მისი სიაში ჩასმა მეუფისა და მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის შორის დაძაბული ურთიერთობის დალაგებას არჩევნებისთვის? _ აღნიშნული კითხვებით მივმართეთ ხათუნა ცერცვაძეს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ოფიციალურად ჯერ წარდგენილი არ არის, ამიტომ პასუხებს კითხვებზე ვერ გაგვცემს:
_ ოფიციალურად ჯერ ჩემთვის არაფერია ცნობილი. როგორც იცით, ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო იხილავს თითოეულ კანდიდატს და თავადვე აქვეყნებს დამტკიცებულ სიას, ამიტომ მე მეტს ვერაფერს გეტყვით, _ ამბობს ის.
როგორც ხათუნა ცერცვაძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, ის შემოქმედის ეპარქიის მდივანი იყო წლების განმავლობაში, მისივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე აღარ მუშაობს, ასევე, არის დღის ცენტრის “მომავლის სხივის“ დამფუძნებელი და მენეჯერი, მუშაობდა „ჯი პი აი ჰოლდინგში“ გურიის წარმომადგენლობის მენეჯერად.