გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მმართველ გუნდში პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განიხილებიან, თუმცა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, უმრავლესობაში მსჯელობა პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს. ჟორჟოლიანი გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით არაობიექტურს უწოდებს.
,,უმრავლესობაში მსჯელობა არ ყოფილა, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. მოგეხსენებათ, მე გახლავართ პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ თავმჯდომარე და ,,ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულო ჩემთვის უცნობია. კულუარებში გამოთქმული აზრი არის ჟურნალისტების მიერ დაწერილი და სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებები, რაც არ ასახავს რეალურ სურათს. ამ პიროვნებებზე მოგახსენებთ, რომ ორივე კანდიდატი საკმაოდ პოზიტიური განწყობით სარგებლობს საზოგადოებაში“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 4-წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას პრეზიდენტის არჩევაზე ამომრჩეველი მიიღებს.