“სანდრო კილაძე – ქართული ავიაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, ალპინისტი და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი“ – ასე ახასიათებს ცნობილი ავიატორის შვილიშვილი გია ბაქრაძე თავის ბაბუას და თან ფეისბუქზე ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს,
სანდრო კილაძე წარმოშობით ლანჩხუთიდან იყო, ის სოფელ მამათში, მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა.
“გალაკტიონი ჩიოდა _ რომანტიკოსები აღარ არიანო. ერთ რომანტიკოსზე მინდა მოგიყვეთ“
ალექსანდრე (სანდრო) მრევლიშვილი, ქართველი რეჟისორი და დრამატურგი თავის ფეისბუქზე გარდაცვალებამდე ერთი წლის წინ წერდა.
“გალაკტიონი ჩიოდა- რომანტიკოსები აღარ არიანო. ერთ რომანტიკოსზე მინდა მოგიყვეთ _ ბიძაჩემზე, დედაჩემის უმცროს ძმაზე – სანდრო კილაძეზე.
ავიატორი გახლდათ. გასული საუკუნის 20-იან წლებში პარიზის ბერმოზას საავიაციო სკოლა დაამთავრა. იმ დროს რომანტიკოსები აიჭრნენ ცაში- საკმარისია ანტუან დე სენტ ეგზიუპერი გავიხსენოთ, და მათთან ერთად- სანდრო კილაძე. საქართველოში ჩამოვიდა. ულამაზესი ქალი – ლალია კონსიოტი შეირთო ცოლად. შვილი შეეძინათ, შემდეგში ცნობილი მუსიკათმცოდნე – ნანა კილაძე. სანდრომ უამრავი სიახლე შეიტანა ქართულ ავიაციაში – სვანეთში პირველი ჩაფრენა. პირველი გადაფრენა თბილისი- მოსკოვი და ა.შ. 37- დახვრიტეს. აქაო, და პარიზში რატომ სწავლობდიო, ჯაშუში ხარო და ა.შ.
მანამდე კი. . . 30-იანი წლების დასაწყისი. ზაფხული. ოჯახი კოჯორში ისვენებს. აგარაკზე არიან : ნატო ვაჩნაძე, პროფესორი თინა მრევლიშვილი, მეტყველების ოსტატი მალიკო მრევლიშვილი, კილაძეები.
პატარა ნანა კილაძის დაბადების დღეა. ბავშვები ნანა, მეორე ნანა (მალიკოსი) მზია მრევლიშვილი (თინასი) მდელოზე თამაშობენ. მალიკო ნატო ვაჩნაძეს ქართულ მეტყველებაში წვრთნის, შუადღეა.ისმის თვითმფრინავის ხმა. საყოველთაო ყურადღება ცისკენ. ლიალია კონსიოტის წამოსცდება -ეს ალბათ, ჩემი გიჟია! მთის კალთიდან თვითმფრინავი გამოყვინთავს და მდელოსკენ მოფრინავს.
დაბალ სიმაღლეზე პილოტი გამოყოფს ხელს კაბინიდან და მიესალმება ბავშვებს. კიდევ უფრო დაბლა დაეშვება და ზუსტად ბავშვებთან თოჯინას და ტკბილეულით სავსე პარკს ჩამოაგდებს ჰაერში წრეს შემოხაზავს და ისევ მთის კალთას ამოეფარება.
გალაკტიონი _ „ყველაფერს წაართვა ფერი ჩვენმა დამნაცრებელმა დრომ. მოკვდა რომანტიზმი..“..
“სანდრო კილაძე ერთი წელი სწავლობდა იმ სკოლაში, სადაც სწავლობდა ანტუან ეგზიუპერი“
გია ბაქრაძე, სანდრო კილაძის შვილიშვილი: “ჩემი დიდი ბაბუა წარმოშობით სოფელი მამათიდან იყო. საკმაოდ შეძლებულ ადამიანად ითვლებოდა. სწორედ მან გაუშვა სანდრო პარიზში ბლერიოს საავიაციო აკადემიაში , მაგრამ ზუსტად, არ ვიცი, რამდენი ხნით. ვიცი ის, რომ სანდრო კილაძე ერთი წელი სწავლობდა იმ სკოლაში, სადაც სწავლობდა ანტუან ეგზიუპერი. სწავლის დასრულების შემდეგ ბაბუაჩემი ჩამოვიდა თბილისში, მოიყვანა ცოლი. ბებიას ერქვა ელენე კონსიოტი, ვასილის კონსიოტის და მარიამ თარხან მოურავის ქალიშვილი. დედაჩემი კი დაიბადა 1932 წელს.
ბაბუა იყო პირველი ავიატორი, რომელიც საბჭოთა საქათველოს დროს საავიაციო საქმიანობას ეწეოდა. მან შექმნა პირველი საავიაციო პარკი 1930-იან წლებში, მაშინდელ კომუნისტში წერდა ამის შესახებ სანდრო მრევლიშვილი. სანდრო კილაძე სტალინის მმართველობის დროს ჩავიდა მოსკოვში. მათ შორის მოხდა საუბარი, რომ საქართველოში სტალინს გამოეყო თვითმფრინავები, რაზეც მომხდარა შეთანხმება და რამდენიმე თვითმფრინავი გადმოეცა თბილისს.
მან ღია თვითმფრინავით შუა ზამთარში გადმოუფრინა კავკასიონს, მოსკოვიდან თბილისამდე შეფერხების გარეშე ჩამოვიდა დანიშნულების ადგილამდე. ეს მაშინ იყო გმირობის ტოლფასი და ამაზეც დიდი გამოხმაურება იყო პრესაში.
ასევე ბაბუაჩემმა ააშენა აეროპორტი მესტიაში. ოღონდ, არ ვიცი, ეს ის ადგილია, სადაც ახლა აეროპორტია. თუ სხვა. ცნობილი ფაქტი იყო, როდესაც ის ზუგდიდიდან მესტიაში ფეხით ავიდა. იქ მონიშნა ადგილი, სადაც მომავალი საფრენი ბილიკი იქნებოდა. ეს ამბავი გაიგო სვანეთის მცხოვრებლებმა და არ მოეწონათ ეს იდეა. სადაც აეროპორტი უნდა აშენებულიყო, ის ადგილი დატბორეს. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა ბაბუაჩემი და ზუგდიდიდან ვერტმფრენით გაეშურა სვანეთისკენ, მაგრამ დასაშვები ადგილი დატბორილი იყო. დიდი ამბების შემდეგ, როგორც იქნა კლდის პირას დაეშვა მშვიდად. ისე ადგილას დასვა, რომ იქედან აფრენა შეუძლებელი იყო. მაგრამ, უცებ მოუწია დაბრუნება, რადგან სვანეთში მყოფნი რუსი ინჟინერი გამხდარა ცუდად. მოუკიდებია ეს ინჟინერი ზურგზე ბაბუაჩემს და მოუხერხებია ვერტმფრენით ზუგდიდში ჩაყვანა. ძალიან მამაცი ადამიანი იყო და არაფერს არ უშინდებოდა. სხვათაშორის, სანდრო მრევლიშვილს ბაბუაჩემის საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი. მისთვის ბაბუაჩემი იყო იდეალი და საამაყო ადამიანი.
ერთხელ თვითმფრინავი ჩამოვარდა და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს ბაბუაჩემი, მაგრამ ვერ გადაურჩა 1937 წელს. არაფრის გამო დაისაჯა, მაგრამ იმ წლებში ასე გამოესალმა სიცოცხლეს ბევრი ადამიანი. 1937 წლიდან ქრება სანდრო კილაძეზე ყველა ინფორმაცია და სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია არ არის შემორჩენილი.