ლანჩხუთელი მოქალაქე იური ჩხაიძე, რომელიც ფერმერული საქმიანობითაა დაკავებული, მის საკუთრეაში არსებული მიწის ფართის დაცვას ითხოვს. როგორც ირკვევა, მის კუთვნილ ფართობში გარეშე პირთა საქონელი შედის და ქონებას უზიანებს. ჩხაიძემ საკუთარი უფლებისა და ქონების დასაცავად ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს მიმართა განცხადებით და შესაბამისი განკარგულების გამოცემის საკითხი დააყენა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე იმსჯელეს კიდეც საკრებულოს ბოლო სხდომაზე. თუმცა, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ჩახვაძემ იქვე ისიც აღნიშნა, რომ ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვისას ყველა წინააღმდეგი იყო.
„ძნელია მოიტანო არგუმენტი და ლანჩხუთელებს აუკრძალო ქუჩაში ან შუკაში ძროხის ან ღორის გადმოდენა. ეს ძალიან დიდ უკმაყოფლებას გამოიწვევს. თუ ბატონი იური უფრო მკაფიოდ გაგვარკვევს და დაგვიმტკიცებს, რომ ასე უმჯობესია, მზად ვართ განვიხილოთ მისგან წამოსული იდეა, მაგრამ მაინც ვამბობ, რომ ამაზე შეჯერება გაგვიჭირდება.
ბიუროზე, როცა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებები განვიხილეთ, თითქმის ყველა წინააღმდეგი წავიდა“, _ ამბობს ჩახვაძე.
თუმცა, თავად იური ჩხაიძე ამბობს, რომ საკითხი განსახილველად სხვა ფორმითაა წამოდგენილი და რეალურად ის სხვა რამეს ითხოვს.
„მე ჩემი საკუთრების დაცვას ვითხოვ, თორემ იმას კი არ ვამბობ, ჩიხებსა და შუკებში აკრძალეთ საქონლის გაშვება-მეთქი. საკუთრებაში მაქვს მიწა, ამისთვის ვიხდი გადასახადებს და იმ გადახდილი ფულით საჯარო მოხელეები ირებენ ხელფასებს. არიან ადამიანები, რომელთაც ერთი მეტრი მიწაც არ აქვთ, გადმოუშვებს საქონელს, რომელიც მერე ჩემს ტერიტორიაზე შემოდის. ის არაფერს იხდის, პირიქით, აქეთ მაზიანებს გადამხდელს და ჩემს საკუთრებაში შემოდის. მე ამას ვითხოვ, საკუთრების უფლების დაცვას. შემოღობილი მქონდა ჩემი ტერიტორია, თუმცა, დაზიანდა, 10 კმ. სიგრძისაა და ამხელა ტერიტორიას ახლა ვინ შემოღობავს. კონსტიტუციის მიხედვით, ხომაა ქვეყანაში დაცული საკუთრების უფლება, ჰოდა, დამაყენონ, იქ, სადაც ვარ, მეტს არაფერს ვითხოვ“, _ აღნიშნა თავად ჩხაიძემ დეპუტატების წინაშე გამოსვლისას.
მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში განკარგულების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია, დიდი ალბათობით, იური ჩხაიძის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. დეპუტატებმა ჩხაიძეს განუმარტეს, რომ ეს საკითხი თვითმართველობის ორგანოების კომპეტენციას სცილდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსახილველია და სწორედ ამ ორგანომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა საქმე სამართალდარვევასთან.