ბულინგი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს.
ის ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც, ძირითადად, სკოლებში გვხვდება და იწვევს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვას.
რამდენიმე დღის წინ სტუდენტების ნაწილმა დააანონსა აქცია „არა დანაშაულს, არა ქუჩის აკადემიას“ , რომლის ძირითადი მიზეზიც ბოლო დროს სკოლებში მომხდარი ძალადობრივი ქმედებები გახდა. ერთ-ერთ შემთხვევას კი 2 მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც აქციის მთავარი ორგანიზატორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ნიკა გაგუა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, სკოლებში ძალადობის აღმოსაფხვრელად არა ერთი რეფორმა გახორციელდა, თუმცა, რადგან 14 წლამდე ასაკის ბავშვები დაუსჯელები რჩებიან, ეს მათ ძალადობისკენ აქეზებთ.
„საქართველოს კანონმდებლობით ბულინგის ცალკე მარეგულირებელი აქტი არ არსებობს და ის რეგულირდება საქართველოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ მე-20 მუხლით. რაც ითვალისწინებს, რომ სკოლაში ძალადობის აღმოჩენის შემთხვევაში, დირექტორი უფლებამოსილია, გაატაროს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები და აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი კი ახდენს ძალადობის კრიმინალიზაციას. ასევე, მსურს ხაზი გავუსვა, იმ ფაქტსაც, რომ ძალადობის აღსაკვეთად გატარდა არაერთი რეფორმა, რომლის ნათელი მაგალითია მანდატურის სამსახურის შემოღება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებსაც დაევალათ მოსწავლეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ არასრულწლოვანის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი, ნებისმიერ ძალოვან უწყებას ეკრძალება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც იწვევს მოზარდების ძალადობისკენ წაქეზებას, რადგან მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება და სამართალდამცავი ორგანოების და მანდატურების მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების შეზღუდვას“, _ ამბობს გაგუა.
ის მიიჩნევს, რომ ბულინგის აღმოსაფხვრელად რეფორმების გატარებაა საჭირო, ხოლო არასრულწლოვანს, რომელიც დანაშაულს სჩადის სადამსჯელო ღონისძიებები უნდა შეეფარდოს.
„მიმაჩნია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი იმისთვის, რომ ძალოვან უწყებას მიეცეს შესაბამისი უფლებამოსილება ბულინგის აღსაკვეთად. ბულინგის დაფიქსირების მომენტიდან სავალდებულოა ოპერატიული რეაგირება, რომ ჩაგრულს არ გაუჩნდეს უიმედოების, სიტუაციის გამოუვალობის და სრული უმწეობის განცდა. უნდა შემუშავდეს პრევენციული მექანიზმი და გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არასრულწლოვანს, როგორიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან გამოსასწორებელი სამუშაოები, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებებია, რომელიც აღიარებს ბავშვთა უფლებების დაცვას, სიცოცხლის ხელყოფის, წამების ან სასტიკი, არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი მოპყრობის დაუშვებლობას“, _ ამბობს გაგუა.
სტუდენტებმა რამდენიმე დღის წინ სკოლებში მანდატურის სამსახურისთვის საპოლიციო ფუნქციების დაბრუნების მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს, რომლის გათვალისწინებით, მანდატურის სამსახურისთვის საპოლიციო ფუნქციების ქონა უზრუნველყოფდა მოსწავლეთა უსაფრთხოებას მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან ან ზემოქმედებისგან. თუმცა, აღნიშნული პეტიცია შექმნიდან ცოტა ხანში გაუქმდა.
როგორც ნიკა გაგუა ამბობს, პეტიციას შედეგი არ ექნებოდა.
„შინაარსობრივი რედაქციის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც გულისხმობდა მანდატურისთვის საპოლიციო ფუნქციების დაბრუნებას, ამოვიღე. აღნიშნულ რეფორმას შედეგი არ ექნებოდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ხორავას ქუჩაზე შემზარავი ტრაგედიის 150 თვითმხილველიდან საკმაოდ ბევრმა არ ითანამშრომლა პოლიციასთან, უმეტესობა მოზარდი და სკოლის მოსწავლეა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ საპოლიციო ფუნქციების ნაცვლად სრულმასშტაბიანი რეფორმა უნდა გატარდეს მანდატურის სამსახურში, რომელიც ორიენტირებული იქნება პირს განუვითაროს სამართლებრივი შეგნება და ჩამოაყალიბოს ღირსეულ და კანონმორჩილ საზოგადოების წევრად“, _ ამბობს ის.
პეტიციის გაუქმებამდე კი „გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ნატა ასათიანს დაუკავშირდა.
როგორც ასათიანმა აღნიშნა, მანდატურის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.
„პეტიციაში ჩამოთვლილ ფუნქციებს მანდატურის სამსახური ისედაც ასრულებს. გარდა ამისა, არა პოლიციურ, არამედ ინსტიტუციურ განვითარებაზე ამ სამსახურის უწყებათაშორისი კომისია უკვე მსჯელობს და მოკლე დროში მანდატურის სამსახურის განვითარების გეგმა გახდება ცნობილი, რომელიც ზუსტად უპასუხებს არსებულ გამოწვევებს. ამიტომ გაუგებარია ამ საპროტესტო აქციის რეალური მიზეზი. თუმცა, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და საზოგადოების ყველა ჯგუფის აზრს ყურადღებით ვეკიდებით. მით უმეტეს, როცა, ეს იდეა მოზარდების უსაფრთხოებას უკავშირდება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ასათიანმა.
რატომ არ ისჯებიან 14 წლამდე ასაკის მოზარდები _ ამ საკითხზე „გურია ნიუსს“ „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, მარიამ ფირცხალაიშვილი ესაუბრა.
„ის ასაკი, რომელსაც ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს, გულისხმობს ასაკობრივ შეურაცხადობას, ანუ 14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის ბრალეულობას გამორიცხვას, არის საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული. პირველ რიგში, მთავარი დასაბუთება იმისა, რატომ არ ისჯებიან 14 წლამდე ასაკის ბავშვები არის შემდეგი: 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს არ შეუძლია, რომ გააცნობიეროს თავისი ქმედებების ფაქტობრივი ხასიათი, ან ამ ქმედების მართლწინააღმდეგობა. შესაბამისად, ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოება ასაკის მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად სწორია, იმ შემთხვევაში, თუ კი ადამიანს არ შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედება და მისი საბოლოო შედეგი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კანონმდებლობა, პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ არათუ სადამსჯელო ღონისძიებები შემოიღოს, არამედ მაქსიმალურად ლიბერალულად მიუდგეს ამ საკითხს, იმისთვის, რომ ეს იყოს პრევენციული ზომა და არა სადამსჯელო ღონისძიება. ამასთანავე, რთულია დაზარალებულს აუხსნა, რატომ არ სჯის სახელმწიფო პატიმრობით პირს, რომელმაც მას ზიანი მიაყენა. იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს საქმე ქონებრივ დანაშაულთან, ეს იქნება ქურდობა, ყაჩაღობა არასრულწლოვნის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო კანონმდებლობა. პრევენციული ზომა ამ შემთხვევაში ვერ იქნება პატიმრობა, რადგან ის ვერ აცნობიერებს ქმედებას“, _ ამბობს ფირცხალაიშვილი.
იურისტის თქმით, გამოსასწორებელი სამუშაოების დაკისრების საკითხის განხილვა შესაძლებელია, თუმცა, მარტო სადამსჯელო ღონისძიების დაკისრებით შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
„შეიძლება იმ საკითხის განხილვა, რომ მას დაეკისროს გამოსასწორებელი სახის სამუშაო, მაგრამ პასუხისმგებლობა არ უნდა გადანაწილდეს მხოლოდ კონკრეტულად 1 მიმართულებით. გამოსასწორებელი სამუშაო ერთგვარად სადამსჯელო ღონისძიებაა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრება ვერ გამოასწორებს იმას, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული და სულაც შესაძლოა, ამ ადამიანის განვითარება არასწორი გზით მიმდინარეობდეს. არსებობს ისეთი ღონისძიებებიც, რომლებიც უფრო მეტად იზრუნებს არასრულწლოვნის ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ვიდრე, მისი დასჯა და შესაბამისად, მასში კიდევ უფრო მეტად ძალადობის გაღვიძებას. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლებს, ფსიქოლოგის ინსტიტუტს, საზოგადოებას, რომელმაც არ უნდა გაკიცხოს არასრულწლოვანი, რომელიც არასწორი ცნობიერების გამო ჩადის დანაშაულს. უნდა მოიძებნოს გზები, რომელიც ხელს შეუწყობს მის სწორ განვითარებას“, _ ამბობს ფირცხალაიშვილი.
14-წლამდე ასაკის ბავშვების დასჯას არ ეთანხმება “პარტნიორობა“ ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი.
როგორც ის „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მოზარდი დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე სოციალურ საფეხურს გადის და სწორედ ამ ეტაპზეა საჭირო სწორად მოქმედება.
„არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მანდატურის სამსახურს პოლიციის ფუნქციები უნდა ჰქონდეს. არც იმას ვეთანხმები, რომ 14-წლამდე ასაკის ბავშვების დასჯა უნდა ხდებოდეს. რამდენიმე წლის წინ იყო მსჯელობა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევაზე, მაგრამ ამან ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია და არ გახორციელდა. არასწორ ხედვად მიმაჩნია, ის რომ 14-წლამდე ასაკის ბავშვების დაუსჯელობა ხელს უწყობს მოზარდების ძალადობისკენ ბიძგებას. დასჯა არ არის ის, რაც ამცირებს ამ ძალადობას. პირიქით, სანამ დანაშაულის ჩადენამდე მივა მოზარდი, რამდენიმე სოციალური ეტაპია და სწორედ მაშინ უნდა მოხდეს ჩარევა და მოზარდის ქცევის კორექცია. თუ რეალურად გვინდა, რომ არ განახორციელოს მოზარდმა ასეთი ქმედებები, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ სწორად. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა პრობლემას ვერ გადაჭრის“, _ ამბობს არგანაშვილი.
მისივე თქმით, განათლების, ბავშვთა აღზრდისა და ბავშვთა დაცვის სისტემის რეფორმაა საჭირო.
„ჩვენ უნდა განვახორციელოთ განათლების, ბავშვთა აღზრდისა და ბავშვთა დაცვის სისტემის რეფორმა, იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ საკმარისი ყურადღება და არ ჩაერთონ ასეთ ღონისძიებებში. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რის გამო წარმოიშვება მათი კრიმინალური ქცევა და ამ მიზეზებზე უნდა ვიმუშაოთ. განათლების რეფორმა აუცილებლად გადასახედია მთლიანად ბულინგის შემცირების კუთხით, ასევე, მნიშვნელოვანია ოჯახების მხარდაჭერა. ის, რომ ოჯახების ნაწილი ბავშვებს არ ან ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას, ვერ მუშაობენ მათი სათანადო ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, ამას სჭირდება მშობლებთან საკმაოდ სერიოზული საინფორმაციო კამპანიის ჩატარება. ასევე, ბავშვების ჩართვა სპორტულ აქტივობებში, ხელოვნებაში. სოციალური დაცვის სისტემის გადახედვა, ხომ არ უწყობს ხელს ოჯახების გაღარიბება, ნაკლები ყურადღების მიქცევა ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე“, _ ამბობს არგანაშვილი.
იმის გასარკვევად, უნდა მოხდეს თუ არა მანდატურის სამსახურის რეფორმა, უნდა დგებოდეს თუ არა 14-წლამდე ასაკის მოზარდების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი და აღნიშნული ასაკის მქონე პირების დაუსჯელობა აფერხებს თუ არა სამართლებრივი ორგანოების ფუნქციონირებას _ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
„უწყებათაშორისი ჯგუფი არსებობს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ეს ჯგუფი განიხილავს ყველა საკითხს სიღრმისეულად. როგორც კი გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, გაცნობებთ აუცილებლად“, _ გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ამავე თემაზე:
რამდენად ხშირია სკოლებში აკრძალული ნივთების ტარება და როგორ ხდება ამ პრობლემასთან ბრძოლა
ახალგაზრდებში ბულინგი ურთიერთობის ჩამოყალიბების ახალ ნორმად იქცა