23 ივნისს, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამოჩენილი ქართველი ფოლკლორისტის, მომღერლის, ლოტბარისა და ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, ფილიმონ ქორიძისადმი მიძღვნილი ვოკალური მუსიკის საღამო იმართება, რომელშიც მონაწილეობას 17 ბანი იღებს.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში კონცერტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი, მომღერალი ილია ათანელიშვილი აღნიშნავს, კონცერტის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ფილიმონ ქორიძის ბიოგრაფიას გაეცნო.
„მოგეხსენებათ, რომ გარდა საოპერო ხელოვნებისა, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდში მგალობლად ვმოღვაწეობ. ხშირად, ვგალობდი საგალობელს, რომელიც იყო ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი და გადარჩენილი. სამების საკათედრო ტაძრის გუნდის ხელმძღავანელმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა, აგვიხსნა პირველად, თუ ვინ იყო წმინდანი ფილიმონ ქორიძე. გარდა წმინდანობისა, ის იყო პირველი ქართველი მომღერალი ბანი. ამის შემდეგ, დავინტერესდი ქორიძის ისტორიით, მოვიძიე მისი ბიოგრაფია, ცხოვრებისეული დეტალები და გამიჩნდა კონცერტის ჩატარების იდეა,“_ ამბობს ათანელიშვილი.
მისივე თქმით, კონცერტში 17 ბანი მონაწილეობს, თუმცა მონაწილეობის სურვილი გაცილებით მეტ მომღერალს ჰქონდა.
„საქართველოში პირველად ტარდება კონცერტი ამდენი რაოდენობის ბანების მონაწილეობით, ეს არის ქართველი ბანების გაერთიანების კონცერტი, რომელიც ეძღვნება ფილიმონ ქორიძეს, როგორც პირველ ქართველ პროფესიონალ ბანს. კონცერტში 17 ბანი იღებს მონაწილეობას, გაცილებით მეტს ჰქონდა მონაწილეობის სურვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, კონტრაქტების გამო, ვერ მოახერხეს შემოერთება. საზღვარგარეთიდან ჩაგვერთვება მსოფლიოში აღიარებული ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც გააკეთებს თავის მიმართვას,“_ამბობს ათანელიშვილი და დასძენს, რომ კონცერტი მიზნად საზოგადოებისთვის ფილიმონ ქორიძის გაცნობას ისახავს.
„ამ საღამოს გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ არ იცის, რომ ფილიმონ ქორიძე პირველი ქართველი ბანია. კონცერტის მიზანი მისი კიდევ ერთხელ განდიდებაა,“_განაცხადა ათანელიშვილმა.
ოპერის სოლისტი, ლეგი იმედაშვილი კი „გურია ნიუსთან“ საუბარისას აღნიშნავს, რომ კონცერტის გამართვა რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ საღამოს ჩატარება და მასში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ პირველ რიგში ეძღვნება ჩვენს ლეგენდარულ ბანს, ფილიმონ ქორიძეს, მეორე, ის რომ ახალგაზრდებთან მიწევს ურთიერთობა, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. ვფიქრობ, რომ სტუდენტებისთვს კონცერტები ყოველთვის უნდა ეწყობოდეს. სასიამოვნოა, რომ ამ საღამოში სტუდენტებიც მონაწილეობენ“,_ ამბობს იმედაშვილი.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი, გიორგი ჭრელაშვილი ამბობს, მისთვის ფილიმონ ქორიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა ძალიან საპასუხისმგებლოა.
“ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ამ საღამოში მონაწილეობა, რადგან კონსერვატორიის სტუდენტი ვარ და პირველად ვდგავარ კონსერვატორიის დიდ სცენაზე. ასევე საქართველოში პირველად ტარდება კონცერტი, როდესაც სცენაზე ყველა ბანი ერთად მღერის. ეს ეძღვნება წმინდა ფილიმონ ქორიძის ხსოვნას, რომელსაც ხალხი იცნობდა, როგორც ქართველ საგალობლების შემგროვებელს, ჩამწერს, რომელმაც შემოუნახა ქართველებს ისტორია და ასევე ჩვენ გვინდა გავაცნოთ ფილიმონ ქორიძე, როგორც პირველი ქართველი პროფესიონალი ბანი, რომელმაც ლასკალაში იმღერა და იტალიაში საუკეთესო ბანის წოდება მიანიჭეს,”_ ამბობს ჭრელაშვილი.
როგორც ცნობილია, კონცერტი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 23 ივნისს 19:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების თქმით, მისულ აუდიტორიას კონცერტის ბოლოს სიურპრიზი ელოდება.