ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში მცხოვრები ჟორა ბერძენიშვილი ერთ–ერთი მათგანია, ვინც “გურია ნიუსს” დახმარების თხოვნით მომართა. იგი 1945 წელსაა დაბადებული, სოციალურად შეჭირვებულია და უმწეოთათვის განკუთვნილ დახმარებასაც იღებს. თუმცა, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში კუთვნილი პენსია არც მას და არც მის მეუღლეს, ლამარა ფხაკაძეს არ მიუღიათ.
ჟორა ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ მისი და მისი მეუღლის პენსიას სხვა ითვისებდა:
“2013 წლის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს არ აგვიღია პენსია. ჩემი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი არის ბათუმი, ასათიანის ქუჩა. ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში მშობლების სახლი მაქვს, სადაც წლების წინ ჩამოვედი, რომ მოხუცებულობის წლები გავატარო. ჩამოსვლიდან ძალიან მალე გავხდი ავად და დიდი ხანი არ შემეძლო სახლიდან გასვლა. ამ დროის განმავლობაში სოციალურ დახმარებას ვიღებდი, პენსია კი არ მიმიღია. ამ დროს მოლარეს სახლში მოჰქონდა დახმარება, მაგრამ, როცა ვკითხე, რატომ არ მოიტანა პენსია, მითხრა, რომ პენსიის მისაღებად ბანკში უნდა მივსულიყავი. კიდევ ვიმეორებ, რომ ამ დროს არც მე და არც ჩემს მეუღლეს სახლიდან გასვლა არ შეგვეძლო”, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი და აგრძელებს: “თავიდან საქმის კურსში ჩავაყენე “ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალის მმართველი ლაშა ასათიანი, რომელმაც მირჩია, რომ მიმემართა საპენსიო სააგენტოსთვის. წამოვედი სააგენტოში. ბატონმა ზურაბ კალანდაძემ გადაამოწმა და მითხრა, რომ პირადობის მოწმობას ვადა ჰქონდა გასული, არადა, მოწმობაზე გარკვევით აწერია, რომ არის უვადო. მთელი ამ დროის განმავლობაში ვარ სოციალური დახმარების მიმღები. რამდენჯერმე იყო აგენტი გადამოწმებაზე. ხომ არ მოვმკვდარვარ? ცოცხალი ვარ. როგორ შეიძლება, ცოცხალ ადამიანს პენსია არ ეძლეოდეს?!”
ჟორა ბერძენიშვილის თქმით, საქმის შესწავლა პოლიციის ჩოხატაურის განყოფილების გამომძიებელს, გიორგი მახარაძეს სთხოვა.
“ვიყავი პოლიციის განყოფილებაში. იქ მესაუბრა გამომძიებელი გიორგი მახარაძე. 25 მარტს ჩამომართვა ჩვენება და დამპირდა, რომ საქმეს მოიკვლევდა. მე მას წარვუდგინე ყველა საბუთი, რაც ხელთ მქონდა, ბანკიდან ამონაწერის ჩათვლით, რომელშიც გარკვევით ჩანს, რომ ჩემი კუთვნილი პენსიის თანხა გაცემულია და ხელს ჩემ ნაცვლად სხვა პიროვნება აწერს (დოკუმენტი, რომლის ასლი ჟორა ბერძენიშვილმა “გურია ნიუსსაც” გადმოსცა, გასავლის ორდერია, რაზეც თანხის მიმღების ხელმოწერა დაფიქსირებული არაა. ავტ.). შემდეგ ჩემთან სახლში მოვიდა მახარაძე და მითხრა, რომ ჩემი თანხმობის გარეშე, ბანკიდან არ შეუძლია საჭირო დოკუმენტების გამოთხოვა. თანხმობა გავაფორმეთ 24 აპრილს. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და გამომძიებლის პასუხი არ ჩანს _ არც დადებითი და არც უარყოფითი. თუმცა, მახარაძე შემპირდა, რომ ყველაფერი ნათელი გახდებოდა ერთი კვირის, მაქსიმუმ, 10 დღის განმავლობაში. ალბათ, იმხელა მანძილია საპენსიო სააგენტოს, პოლიციასა და “ლიბერთი ბანკს” შორის, რომ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია”, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი და მახარაძის მიერ მომზადებულ გამოკითხვის ოქმს გვაჩვენებს.
ჟორა ბერძენიშვილი ყველა იმ ადამიანის გამოაშკარავებასა და დასჯას მოითხოვს, რომლებიც, მისივე თქმით, წლების განმავლობაში ბერძენიშვილისა და მისი მეუღლის კუთვნილ პენსიას ითვისებდა.
“მოვითხოვ, გამოძიებული და შესწავლილი იქნას ოქმში მოყვანილი თითოეული სიტყვა და ამინაზღაურონ ჩემი და ჩემი მეუღლის პენსია; აგრეთვე, პასუხი აგონ ამ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის”, _ ამბობს ჟორა ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილის და მისი მეუღლის, ლამარა ფხაკაძის საქმეში უკეთ გასარკვევად “გურია ნიუსი” “ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალის მენეჯერს, ლაშა ასათიანს ესაუბრა:
“ეს პიროვნება მოვიდა ჩემთან, სოციალური დახმარების საკითხზე იყო თუ არ ვცდები. მე ვუთხარი, ამდენი ხანია პენსია რომ არ მიგიღია, ეტყობა, გარდაცვლილად გთვლიან ან რამე სხვა მიზეზია, მიბრძანდით სოცფონდში, დაწერეთ განცხადება და მიიღეთ პენსია-მეთქი. წავიდა, აღადგინა პენსია, მაგრამ დანაკლისი პენსია არ აუნაზღაურეს. კარგი გავაკეთე, მგონია და ეს ადამიანი ახლა აქეთ მიჩივის, რომ თითქოს მე მოვპარე პენსია. როგორ მოვპარავდი, როცა არ ერიცხებოდა?! ეჭვი შეიძლება გაჩნდეს მაშინ, როცა პენსია ერიცხება. საბანკო ამონაწერიც მივეცი ამ ადამიანს”, _ გვითხრა ლაშა ასათიანმა.
ასათიანს ჩვენც ვთხოვეთ გადმოეცა საბანკო ამონაწერი, რაზეც უარი გვითხრა და აღნიშნა, რომ ამონაწერის გადაცემა შეიძლება მხოლოდ კლიენტისთვის ან მისი მინდობილი პირისთვის.
“გურია ნიუსთან” კომენტარი გააკეთა სოციალური სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების უფროსმა ზურაბ კალანდაძემ:
“ჟორა ბერძენიშვილი არ არის სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილების პენსიონერი, რადგან საცხოვრებელ ადგილად ბათუმი უფიქსირდება. ამიტომ ვურჩიე, ბათუმის სააგენტოსთვის მიემართა. თუმცა, ადამიანური მომენტის გამო დავეხმარე და გავარკვიე, რომ მისი პირადობის მოწმობა ვადაგასული იყო, რაც შეიძლება გამხდარიყო პენსიის მიუღებლობის მიზეზი და ვურჩიე პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა”, _ ამბობს ზურაბ კალანდაძე.
თუმცა, ჩვენი რესპონდენტი ამტკიცებს, რომ არც პირადობის მოწმობებს და არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს ვადა გასული არ აქვს და პირადობის მოწმობის მოქმედების ვადად აღნიშნულია _ “უვადო”.
“გურია ნიუსი” ჟორა ბერძენიშვილის პირადობის მოწმობის ვადიანობის გასარკვევად სამოქალაქო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალს დაუკავშირდა. ფილიალის ხელმძღვანელმა ნონა სიხარულიძემ გაგვიმარტა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე “უვადო” შეცდომითაა დაფიქსირებული:
“პირადობის მოწმობა გაიცემოდა 10-წლიანი ვადით. ამ შემთხვევაში, მოქმედების ვადად _ “უვადო” შეცდომითაა მითითებული. მოქალაქე უნდა მოვიდეს ჩვენთან და განცხადების საფუძველზე გავუაქტიურებთ პირადობის მოწმობას”, _ გვითხრა ნონა სიხარულიძემ.
ჩვენ, ასევე, მივმართეთ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს _ ცენტრის უფროსი ნოდარ ფუტკარაძე იხსენებს, რომ 2018 წლის დეკემბერში სააგენტოს მიმართა ჟორა ბერძენიშვილმა:
“ჩვენთან მოსული იყო აღნიშნული პიროვნება. ავუხსენით, რატომ ჰქონდა შეწყვეტილი პენსია _ მას დარიცხული პენსია აღებული არ ჰქონდა 6 თვის განმავლობაში, რამაც შემდეგ ჯერ პენსიის შეჩერება, შემდეგ კი შეწყვეტა გამოიწვია. დავაწერინეთ განცხადება და 2019 წლის იანვრიდან ჟორა ბერძენიშვილიც და მისი მეუღლეც პენსიის მიმღებები არიან”, _ გვითხრა ნოდარ ფუტკარაძემ
“გურია ნიუსი” პოლიციის სამმართველოს ჩოხატაურის განყოფილების გამომძიებელს, გიორგი მახარაძესაც დაუკავშირდა, რომელსაც, ჟორა ბერძენიშვილის თქმით, “მისი საქმე აბარია”.
“დიახ, ჩემთან მოსული იყო ჟორა ბერძენიშვილი. მესაუბრა თავისი პრობლემის შესახებ. მე შევადგინე ზეპირი გამოკითხვის ოქმი. იგი ბრალს დებს “ლიბერთი ბანკსა” და სოციალური მომსახურების სააგენტოს მისი და მისი მეუღლის კუთვნილი პენსიის მითვისებაში; ითხოვს კონკრეტული ადამიანების დასჯას და პენსიის თანხის დაბრუნებას. ჩემს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენე. მოვიძიე ინფორმაციები ბატონი ჟორას მიერ მითითებულ ყველა სამსახურში, სადაც განმიმარტეს, პიროვნებისთვის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის პირობები. სამწუხაროდ, მე სხვა არაფერი შემიძლია და ჟორა ბერძენიშვილს ვურჩიე, სურვილის შემთხვევაში, დავა სასამართლოში გააგრძელოს”.
ბერძენიშვილს საქმის სასამართლოში გაგრძელებას ურჩევენ სოციალური მომსახურების სააგენტოშიც:
“მოქალაქე ჟორა ბერძენიშვილს და მის მეუღლეს ლამარა ფხაკაძეს გასული წლების პენსიის ბოლო დარიცხვა უფიქსირდებათ 2015 წლის ოქტომბერში, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა 6 თვის განმავლობაში ბანკიდან თანხის გატანა არ მომხდარა. შემდეგ კი სამი წლის განმავლობაში სააგენტოსთვის პენსიის აღდგენის თხოვნით არავის მიუმართავს და შეუწყდა. პენსიის აღდგენა ხდება მხოლოდ განცხადების საფუძველზე”.
კითხვაზე შეძლებს თუ არა ჟორა ბერძენიშვილი და მისი მეუღლე პენსიის განაცდური თანხის დაბრუნებას, სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თანხის დაბრუნება შეუძლებელია:
“სამწუხაროდ, თანხას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვერც ბატონი ჟორა და ვერ მისი მეუღლე ვერ დაიბრუნებენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პენსიის შეწყვეტიდან გასულია სამ წელზე მეტი. ბატონ ჟორას და ქალბატონ ლამარას შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, რომელიც, ასევე, დაადგენს, რატომ არ მოხდა პენსიის გატანა ხსენებული 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, მიზეზი ქვეყნის დატოვებაც იყო ან სხვა რამ”, _ გვეუბნებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში.
მანამდე კი, სანამ ჟორა ბერძენიშვილი და მისი მეუღლე პენსიის განაცდური თანხის დასაბრუნებლად დავას სასამართლოში განაგრძობენ, კანონში, რომელიც პენსიის გაცემის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესს არეგულირებს, ვკითხულობთ:
“პენსია შეჩერდება პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, ანუ, როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში”.
აქვე აღნიშნულია, რომ პენსიის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლა.
ამავე კანონმდებლობის მიხედვით, პენსიონერი ვალდებულია, აცნობოს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
პენსიის დანიშვნა კი მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე ხდება.