ყოველი წლის 21 სექტემბერს მართლმადიდებელი ერი ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის შობას აღნიშნავს. ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა – ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ღამის წირვა შემოქმედის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში შედგა. შემოქმედის მამათა მონასტერში წირვა-ლოცვა მამა ელიზბარმა აღავლინა. იყო პერიოდი, როდესაც ტაძარში მრევლი ღამით დადიოდა, მანამდე კი სოფლის დღესასწაული აღინიშნებოდა სოფელ შემოქმედში, რის შემდეგ ხალხი ტაძარში მიდიოდა სალოცავად.
“ვისაც სურვილი ჰქონდა ყველა დადიოდა კომუნისტების დროს ეკლესიაში. ღვთისმშობლობის დღესასწაულის აღსანიშნავად ღამით გვიწევდა შემოქმედის მონასტერში ასვლა. მე მელექედურიდან ვარ და ჩვენი სოფლიდან თითქმის მთელი სოფელი მოდიოდა შემოქმედში. იყო მცდელობები, რომ არ ავსულიყავით მონასტერში, მაგრამ ხალხის ძალას ვერავინ შეაჩერებს. შემდეგ შემოქმედში, რომ გავთხოვდი უფრო ხშირად დავდიოდი ეკლესიაში. კარგად მახსოვს, რამდენიმე წელი იყო კონტროლი ხალხი არ წასულიყო სალოცავად. ტაძრის კარები ჩაკეტილი იყო და ხალხი გარეთ ანთებდა სანთელს. დღეს არ ვიცი, იმდენი ხალხი თუ დადის, ადრე რომ დადიოდა ღვთისმშობლობას“, _ გვითხრა სოფელ შემოქმედის მკვიდრმა მაყვალა გალოგრემ.
ღვთისმშობლობას ტაძარს მრევლი შინაურ ფრინველს და ცხვარს წირავდა. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება.