საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია შეწყალების საკითხი დარეგულირდეს, ვინაიდან არ შეიძლება, რომ ამ მიმართულებით ადამიანმა, პრეზიდენტმა ან ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს.
ამასთან, ვოლსკის აზრით, პრინციპების ჩამოყალიბებამდე, შეცდომებისგან, გადაცდომებისგან და არასწორი გადაწყვეტილებებისგან არავინ არის დაზღვეული. მან ასევე განაცხადა, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალება არასწორი გადაწვეტილებაა.
„ზოგადად, შეწყალება კარგი ფაქტია, მაგრამ მე შეწყალება წარმომიდგენია ისეთი ადამიანის, რომელიც მუხლებზე დაცემული შეწყალებას ითხოვს, მონანიებული აქვს ყველაფერი და არც დაზარალებული მხარეა შეწყალების წინააღმდეგი. მე ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს, რომლებიც ლეტალურ შედეგთან არ არის დაკავშირებული. ამ თემაზე შეკითხვა მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს სფერო მალე უნდა დარეგულირდეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
16 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს.