XVII საუკუნის აბულმუგის აბანოს მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა _ აღნიშნულ ინფორმაციას „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე აბულმუგის აბანო „საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა ხანგრძლივი წვიმების შემდეგ ვითარების შესამოწმებლად მოინახულეს, რადგან წვიმების შედეგად ძეგლის დაშლის პროცესის უფრო მეტად პროგრესირების საფრთხე არსებობდა.
„ადგილზე ჩასულებს არასახარბიელო მდგომარეობა დაგვხდა. სიტუაციის შესაფასებლად მოვითხოვეთ გეოლოგის მოსვლა. ძეგლის ზედაპირული დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ აბანოს ძირში აშკარად შეიმჩნევა კირის გამორეცხვის პროცესი, ეს კი ძეგლის დაშლის რისკს ზრდის, რადგან მას არ გააჩნია საძირკველი და პირდაპირ ნიადაგზე დგას. ძეგლზე უკვე დაწყებულია ქვათა ცვენა, ხოლო გაჩენილი ბზარები, შესაძლოა კედლებში ამოზრდილი რამდენიმე ხისგან იყოს გამოწვეული.
იმის გამო, რომ აბანო, თავისი მდებარეობით, თავად წარმოადგენს ერთგვარ წყალშემკრებს, წვიმების დროს წყალი არა სპეციალურად გაკეთებულ დრენაჟებში, არამედ აბანოს ძირში ჩაედინება და მისი გამოშრობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ხერხდება. ადგილზე მოსული გეოლოგებისგან მოვისმინეთ ინფორმაცია, ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე გეოლოგიური ვითარების შესახებ, კერძოდ, მიმდინარეობს გრავიტაციული და ეროზიული პროცესები, რომელიც უკვე დაწყებულ, ძეგლის რღვევის პროცესს აჩქარებს“,_ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივითა და მოთხოვნით, 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მიმდინარეობდა აბანოს გამაგრებითი სამუშაოები (ვინაიდან ძეგლი კომპანია “RMG” გოლდის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად – 25 000 ლარით დააფინანსა). ძეგლის უკეთ დაცვის მიზნით გაკეთდა სპეციალური დრენაჟები, ასევე ადგილზე დამონტაჟებულ იქნა კამერა ძეგლზე მიმდინარე პროცესების უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, „საყდრისის კომიტეტის“ 6-თვიანმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ძეგლის დაშლის პროცესი შეუქცევადი გახდა და მისი გადარჩენისთვის უფრო რადიკალური ღონისძიებებია საჭირო. ამის საფუძველს კი აბულმუგის აბანოს განთავსების ადგილის საინჟინრო გეოლოგიურ-გეოდინამიკური პირობების ვიზუალური კვლევის შედეგებიც იძლევა..
„საყდრისის კომიტეტმა“ აბულმუგის აბანოზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კულტურული მემეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან გმართა შეხვედრა. მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ ძეგლის გადასარჩენად, კონკრეტული ქმედებების გატარებისთვის ძეგლს ერთდროულად, რამდენიმე დარგის სპეციალისტი დააკვირდება.