მეცნიერების მტკიცებით XXI საუკუნის ყველაზე დიდ პრობლემად (ამ დღეებში გავრცელებულ კორონავირუსს თუ არ ჩავთლით) ამჟამად და მომავალშიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგია და შიდსი იქნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არაინფექციური დაავადებებით მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 41 მილიონი ადამიანი იღუპება. ეს არის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 71%, აქედან ყველაზე დიდი წილი უკავია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს – 17, 9 მილიონი ადამიანის სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი ინსულტი და ინფარქტია.
აღსანიშნავია, რომ მრავალ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების წყალობით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა მაღალ დონეზე დგას, რაც შესაძლებელს ხდის, პაციენტმა კიდევ დიდხანს იცოცხლოს, თუმცა ეს კვლავინდებურად გადაუჭრელ პრობლემად რჩება სხვა ქვეყნებისთვის.
რაც შეეხება ონკოლოგიას, ახლო მომავალში მთლიანად კიბოს დამარცხება ჯერ კიდევ მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები აქტიურად მუშაობენ ახალ ტექნოლოგიებზე და მკურნალობის ახალ მეთოდებზე.
აივ-ინფექციასთან ბრძოლაში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება, თუმცა ექსპერტების აზრით, შიდსის სრულად განკურნება მხოლოდ ასწლეულის ბოლოს იქნება შესაძლებელი.