ოპოზიცია ხელისუფლების წარმატებას საკუთარ მარცხად აღიქვამს, – ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მიდგომით მმართველი გუნდის მიდგომას ვერ შეამჩნევს და არ აღიარებს.
„არც შეამჩნევენ და ვერც შეამჩნევენ ამას, იმიტომ რომ ხელისუფლების წარმატება აღქმულია მათი მხრიდან მათ მარცხად და არა ქვეყნის წარმატებად. ამიტომ, სწორედ ამ კონტექსტში უყურებენ ისინი და რაც არ უნდა დიდ წარმატებას და გარღვევას მივაღწიოთ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე, არ მაქვს მე ილუზია, რომ ოპოზიციის მხრიდან ეს იქნება მიღებული და აღიარებული. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. იგივე, თუნდაც ის მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები, რომლებიც ჩვენ გვაქვს 2012-დან დღემდე, თუმცა ამის აღიარება არ ხდება და განსხვავებულ კონტექსტში ხდება ამის წარმოჩენა და საზოგადოებამდე მიტანა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლება თავისი გეგმის განხორციელებას განაგრძობს.
„ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ეს ყველაფერი უკვე ნანახი გვაქვს. ეს წასული ოპერიდან არის, ასე ვთქვათ და ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიყუროთ, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ, მიზანი გვაქვს, საითკენ მიდის ქვეყანა და ამ მიზანს თანმიმდევრულად გავუყვებით მომავალშიც“, – აღნიშნა ზალკალიანმა.