დღეს, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა. მის საფლავთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები იმყოფებდნენ.
ზაზა დამენია _ საქართველოს არმიის კაპრალი, ეროვნული გმირი, აფხაზეთის და ცხინვალის ომების მონაწილე, 2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში. 2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით, ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“.