ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველ სპორტის თაყვანისმცემლებს ერთი საკითხი აინტერესებდათ: რა სამომავლო გეგმები ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელ ზაზა ფაჩულიას. „გოლდენ სტეიტთან“ გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულების ვადა პირველ ივლისს ამოეწურა. გავრცელდა ცნობა რომ ზაზა კარიერას ყოფილ კლუბში – „ატლანტაში“ გააგრძელებდა.
გუშინ ცნობილი გახდა რომ ფაჩულიამ მრავალმილიონიან კონტრაქტს კვლავ საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდში დარჩენა არჩია. „გოლდენ სტეიტმა“ ქართველს მორიგი ერთწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა და ზაზაც დათანხმდა. კონტრაქტის პირობების მიხედვით ფაჩულია წელიწადში 3.5 მილიონ დოლარს მიიღებს.
აშშ-ში გააგრძელებს კარიერას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი. ვაკო აშშ-ის მთავარ საფეხბურთო ლიგაში (MLS) იასპარეზებს და კლუბი “სან ხოსეს“ მაისურს მოირგებს. ყაზაიშვილზე უფლებებს ჰოლანდიური „ვიტესი“ ფლობდა, მაგრამ ამერიკელებმა მისი ტრანსფერი გამოისყიდეს.
გუშინ რუსეთში დაიწყო ფეხბურთში პირველი დივიზიონის მორიგი პირველობა. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით კლუბმა „ორენბურგმა“ პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ქართველი მწვრთნელის კლუბმა „ტამბოვს“ უმასპინძლა და დაამარცხა – 2:1.
გუშინ იაპონიის აიჩის პრეფექტურაში სუმოისტთა საზაფხულო შეჯიბრი დაიწყო. უმაღლეს დივიზიონში ამჯერად ორი ქართველი იასპარეზებს: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მეორე მაეგაშირაა, ელიტაში კვლავ დაბრუნებული თეიმურაზ ჯუღელი(გაგამარუ) კი – 16-ე მაეგაშირა.
პირველ დღეს ტოჩინოშინმა ოძეკი გოეიდო დაამარცხა. სამწუხაროდ, დამარცხდა გაგამარუ, რომელსაც ჩიიომარუმ აჯობა.
გუშინ ესპანურ სპორტულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ამჟამინდელ გუნდში რჩება. ცოტა ხნის წინ პორტუგალიელს ესპანეთის საგადასახადო სამსახურებთან უსიამოვნება წარმოექმნა. ამ მიზეზით მას „სამეფო გუნდის“ დატოვება სურდა. გავრცელდა ცნობა რომ კრიშტიანო კარიერას ფრანგულ „პარი-სენ-ჟერმენში“ გააგრძელებდა. საბოლოოდ ყველაფერი მაინც მადრიდელთა სასარგებლოდ გადაწყდა და პორტუგალიელიც ამჟამინდელ გუნდში დარჩა.
„მშობლიურ კერას“ დაუბრუნდა ინგლისელი თავდამსხმელი უეინ რუნი. „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კარიერას ლივერპულის „ევერტონში“ გააგრძელებს. „ევერტონი“ რუნის მშობლიური გუნდია, აქ დაიწყო თამაში და აქვე აიდგა ფეხი. რუნიმ „ევერტონთან“ ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
აშშ-ის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გააგრძელებს კარიერას ერთ-ერთი გამოჩენილი ევროპელი კალათბურთელი მილოშ ტეოდოშიჩი. სერბი მოთამაშე ამიერიდან „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ღირსებას დაიცავს. სერბეთის ეროვნული გუნდის მოთამაშე ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვის „ცსკა“-ს მაისურით ასპარეზობდა.