მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მარიხუანის კულტივაციის შესახებ კონონპროექტსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ,,გურია ნიუსთან“ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ზაზა პაპუაშვილმა ისაუბრა.
_ ბატონო ზაზა, ამ დრომდე მედიაში საკმაოდ ბევრი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც საუბარია, ბიზნესის დატერორებაზე და გავლენიანი პირების მხრიდან ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მისამართით განხორციელებულ ზეწოლაზე.
როგორ აფასებთ ფარული ჩანაწერების სერიას და ამავე ჩანაწერებში მონაწილე პირების მისამართით გამოვლენილ დარღვევებს?
_ არ მეკადრება ასეთ მარაზმზე ვაკეთო კომენტარი. ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. საპრეზიდენტო არჩევნები თუ არ გააგიჟებს ხალხს, კარგი იქნება. პირი მოაღეს და ახლა ყველა ვაჟკაცი და გმირი გახდა.
,,ნაციონალურ მოძრაობას“ ამ თემით უნდა არიოს ქვეყანა და მოაწყოს დემარში, რაც არ გამოუვათ. ბოროტი ძალის რიტორიკით ლაპარაკობენ, რადგან ქვეყანა არ უყვართ.
„რუსთავი 2“-ის დირექტორი რასაც ლაპარაკობს, ამის გამო ადამიანები უნდა ისჯებოდნენ.
თავიანთ მიზნებს არც მალავენ _ საპრეზიდენტო კანდიდატი ვაშაძე გამოდის და ამბობს, ყველას შევიწყალებო. ესე იგი, რა გამოდის, უკან გვაბრუნებენ?! ამის უფლებას არ მივცემთ!
ბოროტი ძალა ჩვენი ქვეყნის დასაძიძგნად კბილებს ილესავს.
როგორც თეა წულუკიანს უპირისპირდებოდნენ, ასევე უპირისპირდებიან სალომე ზურაბიშვილს. ლამისაა, ეს ადამიანი გაძიძგნონ და ფეხქვეშ გაიგდონ. ასეთი გარყვნილი საარჩევნო გარემო ჯერ არ მინახავს.
_ კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით, საზოგადოების განწყობა, ბუნებრივია, არჩევნების დღეს გამოჩნდება, თუმცა დღემდე გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ზურაბიშვილი სხვა კანდიდატებზე მაღალი შედეგებით ვერ სარგებლობს.
ამასთან, საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს კითხვები ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, მაგალითად, აგვისტოს ომთან…
როგორ ფიქრობთ, ხომ არ აჯობებდა ,,ქართულ ოცნებას“ უფრო ძლიერი კანდიდატი დაესახელებინა? ისეთი კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში ნაკლები კითხვები გაჩნდებოდა?
_ სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქვს ნათქვამი.
არის ტალიავინის დასკვნა, რომელ რეზოლუციაზეც აქვს ხელის მოწერილი ,,ნაციონალურ მოძრაობას“, ხომ იცით, რა აქვთ ჩადენილი და კიდევ ამ კითხვას სვამთ?!
საქართველო შარში გახვიეს. ისინი თანამონაწილეები არიან 2008 წლის აგვისტოს ომის. ესენი არიან დამნაშავეები. თავად გაიქცნენ და ბრძოლის ველზე ჯარისკაცები მიატოვეს. ამ ომთან დაკავშირებით ნომერ პირველი დამნაშავე არის სააკაშვილი თავის ხროვასთან ერთად.
ესენი არიან პირწმინდა მოღალატეები, ეს არის ფაქტი.
ამიტომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს.
_ ბატონო ზაზა, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეზე, რომელიც გავრცელებული ჩანაწერის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, ამბობენ, რომ ,,ქართული ოცნების“ შავი საქმეების შემსრულებელია.
რა იცით ამ ადამიანის შესახებ და მის საკმაოდ დიდ ქონებაზე, რომლის წარმომავლობა, ჯერჯერობით, უცნობია?
_ ამ ადამიანს არ ვიცნობ. რასაკვირველია, გამაღიზიანებელია, როცა მას,,ქართულ ოცნებასთან“ აკავშირებენ.
თუ ფაქტები არსებობს და დამნაშავეა, მაშინ საქმე შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ. თუ დამნაშავეა ხალხს დაანახონ, რომ პასუხს სთხოვენ. მისი საქმეებისა და ქონების შესახებ არაფერი ვიცი, ამიტომ სხვას ვერაფერს ვიტყვი.
მახსოვს, მისი სახელი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას დაუკავშირდა, რამდენად სიმართლეს შეესაბამება მისი საკნიდან გაყვანა, არ ვიცი, ვერ დამარწმუნეს, რომ ეს სიმართლეა.
_ აგრეთვე, ბრალდებები ისმის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, ბიუჯეტში 26 მილიონი ლარის გადახდას აარიდა თავი.
საუბარია, თამბაქოს ბიზნესში ჩართული პირებზე, რომლებიც ფილტრიან სიგარეტს უფილტროდ ასაღებენ, რომლითაც ბიუჯეტში შესატანი თანხების გადახდას არიდებენ თავს.
რა იცით მისი საქმიანობის, ასევე, ჩხარტიშვილისა და ივანიშვილის ურთიერთობის შესახებ?
_ თუ არიდებს გადასახადების გადახდას თავს, მოკიდონ ყურში ხელი და გადაახდევინონ. ვინც არ იხდის, ვინც ქვეყანას ღუპავს და აოხრებს, შესაბამისმა უწყებებმა პასუხი ისე უნდა მოსთხოვონ, როგორც საჭიროა. სხვას ვერაფერს გეტყვით.
_ მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო. საზოგადოებაში არის განცდა, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომლის ვინაობაც, ჯერჯერობით, უცნობია, საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის მოსაწყობად ქვეყნისთვის ზიანის მომტანი გზა აირჩია.
რას ფიქრობთ კანონპროექტზე, რომლის გატანას მთავრობა არ ნებდება?
_ ხალხი, რომელიც ჩვენი ამომრჩეველია და რომლის აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვთხოვს, რომ გავითვალისწინოთ მათი პოზიცია. ადამიანებს და მათ შორის, მეც უამრავი კითხვა გვაქვს და ვნახოთ, მთავრობის მხრიდან როგორი პასუხები გაეცემა ამ შეკითხვებს.
ბოლო სიტყვა უნდა თქვას პარლამენტმა და ვფიქრობ, ხალხის არჩეული ხელისუფლების მოვალეობაა, რომ საზოგადოების აზრი გაითვალისწინოს, მოუსმინოს და მასთან დიალოგში შევიდეს. ხელისუფლებამ ამომრჩევლის ხმაც უნდა გაიგოს და მისი აზრიც გაითვალისწინოს.
რა შარი შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონპროექტის მიღებამ ვიცით?! ბევრი რისკი ახლავს თან.