ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე დაკავებული ზვიად კუპრავასა და აქციის კიდევ სამი მონაწილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და 14:00 საათზე აქციას აანონსებს.
სარალიძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საპირფარეშოში იყვნენ გასულნი და მათი დაკავება იქ მოხდა.
„ტელევიზიებით გავაკეთე განცხადება, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და დააბრუნონ თავიანთ ადგილას. მინდა, ვისარგებლო თქვენი ეთერებით და მოვუხმო მთელ საქართველოს, ვისაც აწუხებს და მართლა აინტერესებს იმ შვილმოკლული მშობლების ბედი, გაერთიანდეს ყველა და 14:00 საათზე მოვიდეს ყველა. დანარჩენი, რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებს, აბა გაბედოს რომელიმემ, შემოვიდეს კარავში და ხელი დაადოს. მოვუწოდე მმართველ გუნდსაც, ვისაც გული შესტკივა შვილმოკლულ მშობლებზე, გაერთიანდეს ყველა და მოვიდეს აქ“, – განაცხადა სარალიძემ.
მისივე თქმით, ზვიად კუპრავასა და აქციის კიდევ სამი მონაწილის დაკავების საკითხზე სახალხო დამცველთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ნინო ლომჯარიას ვერ დაუკავშირდა.
რაც შეეხება აქციის ტერიტორიის ჯებირებით შემოსაზღვრას, ზაზა სარალიძის თქმით, ამას მხოლოდ მიესალმება.
ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე დღეს დილით დააკკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე არიან დაკავებული.
1tv.ge