ბარამიძეების წყალზე ასაშენებელი ჰესის საკითხზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო სურებში სოლის კრება იმართება.
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ამ კრებაზე უნდა გადაწყდეს, მრავალწლიანი იჯარით გადაეცეს თუ არა მიწის ნაკვეთი იმ კომპანიას, რომელიც ჰესის აშენებას გეგმავს.
“მომხრე ვარ ამ ჰესის მშენებლობის. სოფელში არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ დიდ ნაწილს უნდა, ჰესი აშენდეს. ეს კრება იმიტომ ტარდება, რომ სოფელმა გადაწყვიტოს მრავალწლიანი იჯარით მოხდეს თუ არა მიწის ნაკვეთების გადაცემა კომპანიისთვის, რომლებიც აპირებენ ჰესის მშენებლობას.
ჰესი უნდა აშენდეს ისეთ ადგილზე სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. თან თუ ეს პროექტი გახორციელდება, კომპანია აპირებს მოსახლეობისთვის სამი მნიშვნელოვანი პროექტის გაკეთებას. ერთ-ერთი მათგანია, რომ სოფელს ჰქონდეს სარიტუალო დარბაზი. ასევე, ჰესის აშენების შემთხვევაში, სოფელს შუქი უფასოდ მიეწოდება“, _ თქვა “გურია ნიუსთან“ ადგილობრივმა მამია ბარამიძემ.
სოფელში არის ადამიანების ნაწილი, რომელიც ამ მშენებლობის წინააღმდეგნი არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ჰესების მშენებლობა დიდ ზიანს მიაყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და გარემოს.
ჰესის აშენებას ზემო სურებში, ბარამიძეების წყალზე, შპს “სუფსა ენერჯი“ აპირებს. დაგეგმილია ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე, 5 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია.
“გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ფოტო: “მწვანე ალტერნატივა”