ვერძი – გამბედაობა
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია და საწყის სიმბოლოდ გვევლინება, სწორედ ამიტომ არის იგი ასეთი მოუსვენარი და დაუმორჩილებელი. თუ სწორედ ამ ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, ეს იმის მანიშნებელია, რომ ძალიან აქტიური პიროვნება ხართ. საკმარისია, რომ ახალი იდეა გაგიჩნდეთ და – მაშინვე იწყებთ მის განხორციელებაზე ზრუნვას.
ვერძი დაბადებიდანვე ლიდერად გვევლინება და ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობს. ბავშვობიდანვე გრძნობს, რომ მისი ცხოვრება წარმატებებს უნდა უკავშირდებოდეს, წინააღმდეგობებს კი ისე განიხილავს, როგორც გამაღიზიანებელ წვრილმანებს. მისი ოპტიმიზმი გადამდებია. არ ახასიათებს სულმოკლეობა და მუდამ მზადაა იბრძოლოს დასახული მიზნის მისაღწევად, თუმცა ყოველივე ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის უცხოა დეპრესია და ცუდი განწყობილება. ხშირად ეუფლება მოწყენილობა, მაგრამ თუ მოინდომებს, სწრაფადვე გამოდის მდგომარეობიდან.
ვერძები ხშირად ბავშვივით ჭირვეულები არიან. ძალიან აღიზიანებთ სულმდაბალი და უტაქტო ადამიანები. ვერ იტანენ ხელქვეითისა და შემსრულებლის როლს, ყოველთვის მბრძანებლობა სურთ და თუ ეს არ გამოსდით, მთელი არსებით იწყებენ ისეთი სიტუაციის ძებნას, როდესაც სრულად გამოამჟღავნებენ თავიანთ ინდივიდუალობას, მაგრამ თუ წარმატება დააგვიანებს (მათი აზრით), შეიძლება ნებისმიერი წამოწყების მიმართ ინტერესი დაკარგონ. მათი დევიზია „დამოუკიდებლობა“.
ვერძს უყვარს ექსტრავაგანტურად და ფუფუნებაში ცხოვრება. თუ მისი მეგობარი გაჭირვებაში აღმოჩნდება, ვერძი ყოველთვის გამოიჩენს გულისხმიერებას და იმედი აქვს, რომ მომავალში ყველაფერი დაუფასდება.
ვერძი შემოქმედებითი ნატურაა, გულღია, მამაცი, მაგრამ ხშირად მოუთმენელი და გაღიზიანებულიც კი. ვერძების ახლობლების მთავარი პრობლემაა, თუ როგორ აუწყონ მას ფეხი და დაეწიონ.
კურო – საიმედოობა
კურო ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში სიმშვიდეს ამჟღავნებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ის პიროვნებაა, რომელსაც საყოველთაო პანიკის დროს გარშემომყოფნი ყველაზე მეტად ენდობიან და სჯერათ მისი…
კურო ყველაზე კარგად თავს ნაცნობ გარემოში გრძნობს, ამიტომ ძნელია მას რაიმე ახლისკენ უბიძგო. მისი პოზიცია შემდეგ ფრაზაში გამოიხატება: „რა საჭიროა ექსპერიმენტები, თუკი ყველაფერი ისედაც კარგად მიდის?!“
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ფიცხი და ფეთქებადი ხასიათისაა, კურო იშვიათად ახდენს ამის დემონსტრირებას – თავის მოთოკვა კარგად შეუძლია. კუროს მმართველი პლანეტა სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი ვენერა გახლავთ. სწორედ ამიტომაც, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სილამაზისა და ჰარმონიულობის განსაკუთრებული შეგრძნება აქვთ.
სულის სიღრმეში მგრძნობიარენი და სენტიმენტალურები არიან, თუმცა ამ თვისებასაც იშვიათად ამჟღავნებენ. მათთან ერთად ცხოვრება ყოველთვის როდია ადვილი და მომხიბვლელი.
ისინი ზოგჯერ დიქტატორებიც არიან, სიტყვაძუნწები და მეტოქეობის სულისკვეთებით აღვსილნი. მათში ამ ენერგიის უდიდესი მარაგი არსებობს, რასაც მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა ეს თავად სურთ.
ტყუპი – გულისხმიერება
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების მთავარი ღირსება გულისხმიერებაა. ისინი მრავალმხრივ საინტერესო ადამიანები არიან, აქვთ მწარე ენა და შესწევთ გარშემომყოფთა მანიპულირების უნარი. ახალი იდეების გენერატორადაც ხშირად ტყუპები გვევლინებიან.
ტყუპები აქტიურად ადევნებენ თვალს ყველაფერს, რაც მათ ირგვლივ ხდება. ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და სურთ ყველაფერში მიიღონ მონაწილეობა. თუ ეს სამყარო თეატრია, მაშინ ტყუპები ის მსახიობები არიან, რომელთაც სიგიჟემდე უყვართ სცენა. ისინი მზად არიან ერთდროულად შეასრულონ მსახიობის, პროდიუსერის, რეჟისორისა და სცენის მუშის ფუნქციაც კი.
ტყუპები ურთიერთობის ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მუდმივად განიცდიან ურთიერთობის დაუცხრომელ სურვილს. ისინი მზად არიან ესაუბრონ სრულიად უცხო ადამიანებს, სიგიჟემდე უყვართ ტელეფონი.
ამ ნიშნის დამახასიათებელი სისუსტე ზედაპირულობაა. მათ უჭირთ სიღრმეებში წვდომა. სამაგიეროდ, ეადვილებათ გარშემომყოფთა რაიმეში დარწმუნება. ისინი იმაშიც კი დაგაჯერებენ, რომ თეთრი შავია… შესანიშნავად საუბრობენ, წერენ, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს – ხშირად არაჩვეულებრივი მწერლები და მსახიობები არიან.
გონებამახვილი და გულისხმიერი ტყუპები განუმეორებელი მეგობრები არიან. მათ ძალზე ადვილად გამოჰყავთ ახლობლები დეპრესიიდან; საშინლად აღიზიანეთ გონებაჩლუნგი ხალხი და ისინიც, ვინც ვერ ასწრებს მიჰყვეს მათ აზრთა მდინარებას.
კირჩხიბი – ერთგულება
ვერავინ იტყვის, რომ კირჩხიბის გაგება ადვილია. მან შეიძლება რბილი, კეთილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს, რომელიც მზად არის ყველას უთანაგრძნოს, მოთმინებით უსმინოს, მაგრამ საკმარისია მოთმინების ფიალა აევსოს, რომ ძალიან უხეში და გულცივი გახდეს. ისე კი, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ყველაზე გამორჩეული თვისება ერთგულებაა. სხვა არცერთ ნიშანს ერთგულების მსგავსი უნარი არ გააჩნია. და კიდევ, კირჩხიბი შესაძლოა მთელი დღის განმავლობაში წუწუნებდეს იმაზე, რომ სამყარო საშინლად უსამართლოა მის მიმართ; რომ სიცოცხლეც აღარ სურს, შეიძლება ცხარე ცრემლითაც კი ტიროდეს, ისე ეცოდებოდეს საკუთარი თავი, მაგრამ აი, თენდება მეორე დღე და კირჩხიბი ისევ ფორმაშია, კვლავ განიცდის ენით გამოუთქმელ ბედნიერებას, ყველას მიმართ ყურადღებიანია და მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რასაც სთხოვენ.
რთული, მაგრამ, ამავე დროს, სათუთი და ემოციური კირჩხიბი მუდმივ მხარდაჭერას და წახალისებას საჭიროებს. მისთვის აუცილებელია სიყვარული და როცა ამას იღებს, სანაცვლოდ მზადაა ყველაზე საკრალური და ძვირფასი გაიმეტოს. ის ადამიანი, რომელიც კირჩხიბს დაცულობის შეგრძნებას შეუქმნის, მუდმივად ისარგებლებს მისი ერთგულებით. თავად კირჩხიბს საოცარი სიყვარული შეუძლია. ისინი ბრმები არიან სიყვარულში და საყვარელი ადამიანის ნაკლსაც კი ღირსებად აღიქვამენ.
კირჩხიბი მესაკუთრეა. ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების ნაწილი ხდება, სამუდამოდ კარგავს თავისუფლებას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს წარსულს, მათ ხშირად იპყრობთ ნოსტალგია და მარადიულობის შეგრძნება; ახასიათებს სულიერი მოუსვენრობა, მდუმარე სევდა. მოვლენები და ადამიანები, რომლებიც მათ წარსულში არსებობდნენ, ცხოვრებას კირჩხიბის მოგონებებში, სულსა და აზრებში განაგრძობენ.
კირჩხიბების მოტყუება ადვილი არ არის, რადგან ისინი ქცევის უმცირეს ნიუანსებსაც კი ამჩნევენ და გარდა ამისა, თითქმის ზებუნებრივი ინტუიცია აქვთ, რომელიც არასოდეს ატყუებთ.
ლომი – ძალაუფლება და სიცოცხლის სიყვარული
თავდაჯერებულობა და ერთგულება ლომის განუყოფელი თვისებებია – მას არ სჭირდება ცხოვრებაში საკუთარი ადგილისა და როლის ძიება, რადგან უკვე მიგნებული აქვს: იგი ყველასა და ყველაფრის უფროსი და მბრძანებელია. არც ლომის ერთგულებაში ღირს ეჭვის შეტანა – ნამდვილად არის საკუთარი თავის ერთგული.
ყველა ლომი სამეფოს მფლობელია, რომელიც შეიძლება ძალიან დიდი ან სულ პაწაწინა იყოს. მთავარია, რომ ეს ყველაფერი მისია, ლომია ამ სამეფოს მმართველი. ეს „სამეფო“ შეიძლება იყოს მისი სახლი, კარიერა, შემოქმედება თუ შეყვარებული.
ზოდიაქოს ნიშანთა შორის ლომი ყველაზე მეფური ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყოველთვის საუკეთესოსკენ ისწრაფვის. უყვარს ფუფუნებით ცხოვრება, გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობა და ყველაფრის თეატრალიზება. შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭი აქვს და როცა ცხოვრება ზედმეტად დაუნდობელი ხდება, იგი თავად აწყობს მასში ზეიმებს.
ლომისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმიჯს, რაზეც ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავს. სხვათა შორის, იგი ყველაზე მეტად მფლანგველი ნიშანია, ამავე დროს, გულკეთილი და გულუხვი, ძნელად იჯერებს გარშემომყოფთა ბოროტებას, შურს, ღალატს… შეურაცხყოფისას სწრაფად რეაგირებს, მაგრამ მიყენებულ ტკივილს ადვილად ივიწყებს და მოღერებულ ქვას ზურგს უკან არასოდეს მალავს.
საოცრად მოსიყვარულე და სიცოცხლით სავსე ლომები დაბადებიდანვე წინამძღოლებად იზრდებიან. მზე მათი მმართველი პლანეტაა, ამიტომ გარშემომყოფებსაც უხვად უნაწილებენ სითბოს და სიყვარულს. რაც შეეხება ლომების უარყოფით თვისებას, ისინი ზოგჯერ ზედმეტად ძალაუფლების მოყვარულნი ხდებიან.
ქალწული – ინტელექტი და კეთილსინდისიერება
ქალწული ყოველთვის საგულდაგულოდ მალავს თავის განცდებს არა მარტო გარეშე თვალთაგან, არამედ ახლობლების გარემოცვაშიც კი, ირგვლივმყოფებს ურყვეობისა და აუღელვებლობის მაგალითს უჩვენებს, თუმცა შინაგანად საკმაოდ დაძაბულია.
ინტელექტი ამ ნიშნის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი თვისებაა. ქალწული შესანიშნავი მეხსიერებით, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევა. წარმოიდგინეთ, სხვისი ფიქრების ამოცნობაც კი შეუძლია. ქალწულის უბადლო ლოგიკა ყოველგვარ ბურუსს გაფანტავს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ყოველთვის რაციონალურად უდგებიან ცხოვრებას და ამიტომ ზედმეტი წვალების გარეშე წყვეტენ ნებისმიერ პრობლემას.
ქალწულს დიდი სიყვარული შეუძლია, მაგრამ ხშირად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ბედნიერებისათვის. მათ არ ჰყოფნით ოჯახური ბედნიერება, მეუღლე, შვილები, მეგობრები.
ქალწულები ბუნებით მორცხვები და თავშეკავებულები არიან. მათზე ერთგული ნიშანი არ არსებობს. ქაოსში წესრიგის დამყარებას ცდილობენ, რაც შესაძლოა ზედმეტ კრიტიკაში გადაიზარდოს.
სასწორი – მომხიბვლელობა
სასწორები ეთაყვანებიან სილამაზეს და მშვენიერებას. უყვართ მუსიკა, მხატვრობა, არტქიტექტურა. კომფორტი მათი სისუსტეა. სილამაზის ტრფიალნი, ისინი ხშირ შემთხვევაში თავადაც მომხიბვლელები არიან. მათთვის ძალზე იოლია ირგვლივ მყოფთა სიმპათიის დამსახურება. იცვამენ საოცრად დახვეწილად და გემოვნებით. ადამიანები, რომლებსაც მათთან ურთიერთობა აქვთ, საკუთარ თავს მნიშვნელოვან პიროვნებებად თვლიან.
სასწორი პარტნიორობის ნიშანია. იგი ფართოდ გახელილი თვალებით შეჰყურებს სამყაროს და საკუთარ ენერგიას ურთიერთობების დამყარებისკენ მიმართავს. მოსაუბრის აზრებისა და გრძნობების ისეთი სისავსით შეგრძნება არავის ძალუძს, როგორც ზოდიაქოს ამ ნიშანს.
სასწორს განსაკუთრებით აქვს განვითარებული ინტუიცია, რომელიც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან ეხმარება, მაგრამ თავად რატომღაც არასაკმარისად ენდობიან მას. ისინი, ძირითადად, მაშინ იწყებენ ინტუიციის მიხედვით მოქმედებას, როდესაც მათ თავმოყვარეობასა და ღირსებებს ცუდად ეხებიან, შეურაცხყოფას აყენებენ ან ამცირებენ.
სასწორი გამოუსწორებელი იდეალისტი და რომანტიკოსია. მისთვის მთავარია გარშემომყოფებს მოსწონდეთ და იხიბლებოდნენ იმ შარმით, რომელიც მათ მართლაც ჭარბად აქვთ.
მორიელი – მაქსიმალიზმი
მორიელისთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის. იგი დაბადების, სიკვდილის, სექსის, ქმნისა და განადგურების ნიშანია, მთავარია, რომელ საწყისს განავითარებს საკუთარ თავში. ხშირად მას უკიდურესობათა ნიშანსაც უწოდებენ და ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს საკმაოდ განსხვავებულად აღწერენ ხოლმე, როგორც სუსტებს ან ძლიერებს, დამოუკიდებლებს ან ძალზე დამოკიდებულებს, ვნებიანებს ან ცივებს, დიდსულოვნებს ან ბოროტებს, მფლანგველებს, მომჭირნეებს… მათ პიროვნებაში მთავარი მაქსიმალიზმია. მორიელები საკუთარ თავში უდიდეს ენერგიას ფარავენ, რომელსაც აუცილებლად გამოამჟღავნებენ, თუ დასჭირდათ ან მათ ინტერესებს საფრთხე დაემუქრა.
მორიელს გამოხატვის პოზიტიური გზა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მათშივე ჩახშული გრძნობების გამო დამანგრეველ, გამანადგურებელ ძალად იქცეს.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ფილოსოფიური აზროვნებით გამოირჩევიან. ზოგიერთი მათგანი შეიძლება რელიგიით ან ოკულტური მეცნიერებით იყოს დაინტერესებული. მათ შეუძლიათ ერთი შეხედვით ამოიცნონ ადამიანის ფიქრები და მისწრაფებები, შემდეგ კი ყველაფერი თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.
მორიელი ბუნებით შემგუებელია და თუ ამ თვისებას წარმატებით გამოიყენებს, შესაძლოა დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნიშნის მატარებელი ადამიანებს ერთი მანიაკალური თვისებაც ბუნებრივად აქვთ – არ დაემორჩილონ გონებას და საღ აზრს.
მშვილდოსანი – ოპტიმიზმი
დამოუკიდებლობა და ოპტიმიზმი – აი, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების მთავარი გზამკვლევი ცხოვრებაში. ისინი თავგადასავლების მაძიებლები არიან, აღმერთებენ ახალ იდეებს და ცხოვრებისეულ ცვლილებებს. მშვილდოსანს იუპიტერი მართავს – წარმატების პლანეტა, ამიტომ მუდამ გაწონასწორებული მშვილდოსანი ცხოვრებისეულ გზაზე თითქოს მიფრინავს, საჭირო დროს ყოველთვის საჭირო ადგილას იმყოფება. ეს ფაქტი თავისთავად აღავსებს მას სიცოცხლის სიყვარულით და ხელს უწყობს მისი ოპტიმისტური ხასიათის ჩამოყალიბებას. როგორ არა, მათაც აქვთ დარდიანი წუთები, მაგრამ სევდის ბურუსი სწრაფად იფანტება. მშვილდოსანს ხვალინდელი დღე უფრო მეტად აინტერესებს და დღეს ნამდვილად არ მოიშლის ნერვებს ათასი სადარდელით.
მშვილდოსანი მუდმივად რაღაცას ეძებს. ძალიან უყვარს ხეტიალი და არც სურს რაიმე შეცვალონ თავის ცხოვრებაში ამ კუთხით. იგი ძიების მარადიულ სიმბოლოდაც შეიძლება აღვიქვათ.
მშვილდოსნები გაწონასწორებული პიროვნებები არიან, მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია. და კიდევ, ისინი შესანიშნავი მეგობრები არიან – ერთგულები, გულისხმიერები, თავგანწირულებნი… შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სასიამოვნო ადამიანების რიცხვს განეკუთვნებიან. მართალია ხშირად უპასუხისმგებლოები, მფლანგველები, მოხეტიალეები არიან, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, შეხვედრისთანავე იპყრობენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხშირად სამუდამოდ უმეგობრდებიან მათ.
თხის რქა – საიმედოობა და პრაქტიკულობა
ამ ნიშნის წარმომადგენლებს სატურნი მართავს, ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც მას ემორჩილებიან, პრაქტიკულობით და მიზანმიმართულობით გამოირჩევიან. თხის რქები ამაყები და პატივმოყვარეები არიან. ისინი მუდმივად ცდილობენ ზუსტად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, უყვართ და მიილტვიან წარმატების, ფულის, ძალაუფლებისა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისკენ.
პრაქტიკულობა და ინიციატივიანობა თხის რქას ძალაუფლებასა და ლიდერობაზე ორიენტირებულ პიროვნებად აყალიბებს. თხის რქას შეუძლია დააფასოს დრო, სპეციალისტები, პროფესიონალიზმი, განათლება… ამიტომ შესანიშნავი ხელმძღვანელი და ორგანიზატორია.
სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, თხის რქა ყველაზე ხშირად ქორწინდება ანგარებით (ფულის, მდგომარეობის, პრესტიჟის გამო). საერთოდ, ეს ნიშანი მარტოსულია და ძალიან სჭირდება სიყვარული, სითბო, ყურადღებაა, მაშინაც კი, როცა საერთოდ არ იმჩნევს ამას და გადაჭრით უარყოფს კიდეც. ისე კი, თხის რქა ყოველთვის ბოლომდე ერთგული და თავგანწირულია მათთვის, ვინც ნამდვილად უყვარს.
მერწყული – ორიგინალობა
მერწყული უდიდესი აღმოჩენების, გამოგონების და, საერთოდ, პროგრესის ნიშანია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად საუბრობენ (ან ფიქრობენ) იმაზე, რაც ირგვლივ მყოფებისთვის უცნაური, უცხო და მიუღებელიც კია. ცხადია, ყველა მერწყული გენიოსი არ არის, მაგრამ ორიგინალობა არცერთ მათგანს არ აკლია, თქვენ წარმოიდგინეთ, მათი ჭირვეულობაც კი ორიგინალურია.
მერწყულის მთავარი ამოცანა საკუთარი იდეების უზარმაზარ „გროვაში“ გარკვევაა. თუ ეს მცდელობა წარმატებით დასრულდება, იგი აუცილებლად გამოიგონებს რაღაც ახალს და მრავლისმთქმელს.
მერწყული ცივილიზაციის პროგრესზე ზრუნავს: საშუალო განვითარების მერწყულებისთვის ეს პროგრესი მეცნიერებისა და ტექნიკის წინსვლაში გამოიხატება, მაღალი განვითარების მქონე მერწყულებისთვის კი – სულიერ განვითარებაში. ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად იწყებენ ბუნების უცნაური კანონზომიერებების კვლევას, მისი საუკეთესო მეგობრები ხდებიან.
თევზები – ინტუიციურობა
ამ ზოდიაქოს ნიშნის მთავარი თვისებები რბილი ხასიათი, სულიერი სითბო და გულისხმიერებაა იშვიათ ინტუიციასთან ერთად. ისინი ინტუიციურად გრძნობენ მოახლოებულ საშიშროებას და მტერს ხელიდან უსხლტებიან ხოლმე. მათ მთავარ ნაკლს კი გულუბრყვილობა წარმოადგენს, რადგან ყოველთვის მზად არიან ყველაფერში ღვთიური, კეთილშობილური და წმინდა დაინახონ, მიენდონ და თავი შესწირონ მას, არადა, შესაძლოა ამ დროს სიცრუის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.
მოგეხსენებათ, ამ ნიშნის სიმბოლო სხვადასხვა მიმართულების მქონე ორი თევზია, რომელთაგან ერთი მაღლა მიილტვის – სულიერი განვითარების მწვერვალებისკენ, მეორე – ქვევით, უღირსობისა და აღვირახსნილობის ჭაობისკენ. სწორედ ეს გაორებაა თევზების მთავარი ტრაგედია. მაღალი განვითარების მქონე თევზები ინტუიციის წყალობით ადვილად ისხლეტენ ყოველგვარ პრობლემას და კოსმიური სიყვარულით სარგებლობენ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თევზების სულიერ გზაზე საკმაოდ სერიოზული დაბრკოლებები არსებობს. დიახ, ეს ნიშანი ყველასთვის ადვილი დასამორჩილებელია და ამიტომ მისი ცდუნება ადვილია. იგი შეიძლება ნებისმიერი ენერგიით იკვებებოდეს, მონაწილეობდეს უმდაბლეს მედიტაციებში (თუნდაც ნარკოტიკებით გაბრუვდეს) ან ენერგეტიკული ვამპირის ყველაზე ხელსაყრელი მსხვერპლი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს – სწორედ მისი მაღალგანვითარებულობა, რომელიც მეტ-ნაკლებად იცავს მის კარმას. ასე რომ, ფრთხილად, თევზებო!
ავტორი