“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილი “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის პარალელურად გამართულ მასშტაბურ ძალადობრივ აქციაში “ქართული ოცნების” კვალს ხედავს. ბერძენიშვილის განცხადებით, ზონდერ ჯგუფებს ხელისუფლება მაშინ იყენებს, როდესაც ძალიან უჭირს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ გუშინდელი მოვლენებით, “ქართულმა ოცნებამ” ისეთი პრობლემები გადაფარა, როგორიც საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებია.
“ზონდერ ჯგუფებს გამოიყენებენ მაშინ როდესაც ხელისუფლებას უჭირს, ასე იყო 12 მაისს, ასე იყო გუშინაც. საერთოდ როცა ეკლესიაში ასეთი უმძიმესი ვითარებაა, რომელიც ხელისუფლებისთვის ძალიან დამაზიანებელია გამოიძახეს ეს ზონდერ ბრიგადები,”- ამბობს “კურიერთან” საუბრის დროს დავით ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა
ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც”. გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა “ქართული მარშიც”
ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა.
8 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას ომბუდსმენმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პოლიციას კორდონი უფრო შორს მოეწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო.
კინოთეატრებთან 8 ნოემბერს გამართული აქციის პარალელურად ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მინსკის კინოფესტივალზე მორიგი ჯილდო მიიღო.
პრემიერის ჩაშლით „ქართული მარში, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდა. „ქართული მარშის“ წევრებმა ლგბტ თემის დროშაც დაწვეს.
თბილისის პარალელურად ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ ვითარება დაიძაბა. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეები შენობაში შეჭრას შეეცადნენ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში.
ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.
ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.