პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 8 ნოემბერს სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შეძლეს. ამით არჩილ თალაკვაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენებისას განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ოპოზიციის ბრალდებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ.
„ეს არის უსაფუძვლო ბრალდება. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვა. თუ რა პასუხისმგებლობა უნდა იყოს გამოკვეთილი, ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. ამას ქვეყანაში არეგულირებს კანონი და ის ინსტიტუტები, რომლებიც ამ კანონის განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელნი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას თვლის საჭიროდ.
„მინდა, მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც დაძაბულობის მიუხედავად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ძალადობის პრევენცია შეძლეს. იმ ერთეულ ფაქტებზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ძალადობას მიმართეს, რეაგირება იყო მყისიერი.
დღეს უფრო მეტად მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი გავატაროთ. ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს და სახელმწიფო ამას გააკეთებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
8 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას ომბუდსმენმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პოლიციას კორდონი უფრო შორს მოეწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო.
კინოთეატრებთან 8 ნოემბერს გამართული აქციის პარალელურად ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მინსკის კინოფესტივალზე მორიგი ჯილდო მიიღო.
პრემიერის ჩაშლით „ქართული მარში, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდა. „ქართული მარშის“ წევრებმა ლგბტ თემის დროშაც დაწვეს.
თბილისის პარალელურად ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ ვითარება დაიძაბა. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეები შენობაში შეჭრას შეეცადნენ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში.
ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.
ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.



































































