ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის დასამტკიცებლად, პარლამენტის პლენარული სხდომა მიმდინარეობს. როგორც სიტყვით გამოსვლისას “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, სიღარიბის ზღვარი გაიზარდა. გარდა ამისა, ჭიაბერაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” პერიოდში სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად შემცირებულია.
“ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს პოლიტიკური დებატები “ქართული ოცნების” მხრიდან გაიმართებოდა იმის მტკიცებით, თუ რა შესანიშნავი საკონსტიტუციო ცვლილებები შემოგვთავაზა “ქართულმა ოცნებამ”. მან ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი იმით, რომ მართლაც, როგორც აღიარა ბატონმა ნუკრი ქანთარიამ, სტამბაში არ გაციებულა კონსტიტუციის ერთი ვერსია, რომ შეცვლა მოგიწიათ და ამიტომ ამ საკითხზე დებატები ალბათ უპრიანი იქნებოდა.
დებატებს, ჯობდა, საერთოდ გაჩუმებულიყავით. მე მინდა, ვისარგებლო იმით, რომ დარბაზში იმყოფება ფინანსთა მინისტრი და მისი გუნდი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს 2018 წლის ბიუჯეტი.
ვფიქრობ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ წინ და წინ უნდა ვთქვათ _ ის, რაც უნდა გაითვალისწინოს ფინანსთა მინისტრმა. ჩვენ ამას ვეუბნებოდით დიმიტრი ქუმსიშვილსაც შარშან ამ დარბაზში და დიდი იმედი, რომ მთავრობა ამას გაითვალისწინებს, ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. მდგომარეობა არის ის, რომ სიღარიბე 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით გაიზარდა. სიცოცხლის ხანგრძლივობა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში შემცირებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ძალიან სავალალო, ყველაზე უარესი დემოგრაფიული მაჩვენებლებია, მათ შორის მიგრაციული სალდო.
ეს არის შედეგი იმ არასწორი პოლიტიკისა, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებდა”, _ განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.