კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალმა 75,262,955 მილიონი ლარი შეადგინა.
სარეკლამო შემოსავლების გარდა, ტელეკომპანიებმა 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს დაახლოებით 30 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განუთავსეს ეთერში. ჯამში, საარჩევნო სუბიექტების ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 38 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ფასიანი მხოლოდ 8 მილიონი იყო.
„ორივე ტურის განმავლობაში ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, ჯამში ტელემაუწყებლებმა უფასოდ გრიგოლ ვაშაძეს დაახლოებით 9,752,702 ლარის ღირებულების რეკლამა განუთავსეს, მეორე ადგილს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების რაოდენობითა და ღირებულებით დავით ბაქრაძე იკავებს, რომელმაც დაახლოებით 5,032,654 ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა მიიღო, მესამე ადგილზე კახა კუკავაა, რომელსაც დაახლოებით 3,768,919 ლარის ღირებულების უფასო პოლიტიკური რეკლამა განუთავსეს, ხოლო მეოთხე ადგილზე სალომე ზურაბიშვილია 2,647,891 ლარით”, _ ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, ორივე ტურის განმავლობაში ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა 4,967,848 ლარის, გრიგოლ ვაშაძემ _ 2,383,708 ლარის, ხოლო დავით ბაქრაძემ ტელე-მაუწყებლებში – 600,555 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა.
წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ზე, ჯამში, ორივე ტურის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ – 9,174,146 ლარი შეადგინა. აქედან, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ – 3,744,651 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკურმა რეკლამამ – 5,429,495 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ტელეიმედზე საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ – 7,042,253 ლარი შეადგინა. აქედან, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ – 1,771,453 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკური რეკლამა 5,270,800 ლარის იყო.