საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. გიორგი ასანიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯამში 15 მედალი მოიპოვა.
შეჯიბრების ბოლო დღეს კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა ლაშა ტალახაძე (+105 კგ) და ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა.
200 და 210 კილოგრამის დაძლევით ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი 235 და 247 დაძლია. ორჭიდი 457.
ატაცში ვერცხლის მედალს დაეუფლა კიდევ ერთი ქართველი ირაკლი თურმანიძე. მან ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (185, 190, 192). ორჭიდის ჯამში კი მე-4 ადგილზე გავიდა.
3 ოქრო აიღო საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდმა, რომელმაც საკუთარი გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა. ერთნაირი შედეგი აჩვენეს ჩემპიონატზე რევაზ დავითიძემ და შოთა მიშველაძემ. მათ ორ-ორი ოქროსა და თითო ვერცხლის მედალი აიღეს. ნაკრების კიდევ ორმა წევრმა, თათია ლორთქიფანიძემ და გოდერძი ბერელიძემ კი ასპარეზობა ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.
ქართველი ძალოსნები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან.