კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში დეტალურად აღწერს იმ პროცედურებს, რაც საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად არის საჭირო.
“10 პროცედურული ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად (კონსტიტუციისა და სხვა აქტების მიხედვით): 1. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით;
2. პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებას;
3. პრემიერ-მინისტრი აკეთებს ამ ბრძანების კონტრასიგნაციას;
4. პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან;
5. პრეზიდენტი ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად;
6. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო სესიაზე;
7. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი განიხილავს დაუყოვნებლივ. მას კენჭი ეყრება წინასწარი საკომიტეტო მოსმენისა და სხვა პროცედურების გავლის გარეშე;
8. საპარლამენტო განხილვა მიდის შემდეგი პროცედურით:
– ძირითად მომხსენებლად გამოდის პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი;
– თანამომხსენებლებად გამოდიან პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი, კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლები;
– კამათი არ მიმდინარეობს;
– დასკვნითი სიტყვით გამოდიან მხოლოდ პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი და პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი;
9. პარლამენტის საგანგებო მდგომარეობას ამტკიცებს აბსოლუტური უმრავლესობით (76 ხმა);
10. პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწერს ხელს და აქვეყნებს დადგენილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე.
შენიშვნა 1: თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს საგანგებო მდგომარეობა უქმდება.
შენიშვნა 2: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ უფლებების შესაზღუდად საჭიროა პრეზიდენტის დეკრეტი, რაზეც ცალკე პროცედურა არსებობს.