ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ეცადეიშვილმა ჩვენს მკითხველს ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი ქულებით დაამახსოვრა თავი. შედეგმაც არ დააყოვნა და დღეს მარიამმა უკვე გვამცნო, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა.
“100%_იანი გრანტი ჩემია”, _ დაწერა მარიამმა სოცუალურ ქსელში.
“სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა სამედიცინო უნივერსიტეტში, მაგრამ წელს, ბევრი პრობლემის გამო, ვერ წავედი. არც მშობლები მიშვებდნენ. აქ ჩააბარე სამედიცინოზეო, მაგრამ მე ვუთხარი, რომ გაისად სწავლას აუცილებლად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უნდა ვისწავლო-მეთქი და დავითანხმე ძლივს… წელს აქ ვისწავლი…”, _ გვითხრა მარიამმა.
“მიუხედავად იმისა, რომ მარიამს ეროვნულ გამოცდებამდე ერთი თვით ადრე ძმა დაეღუპა, ეს მაინც შეძლო. 100%-იანი გრანტი მიიღო. თუმცა, ვთვლი, რომ გამოცდებზე მაინც იმოქმედა ამ ფაქტორმა. მართალია, მაღალი შედეგები აჩვენა, მაგრამ შეეძლო მაქსიმალური ქულების მოპოვება” _ თქვა გურია ნიუსთან საუბრისას მარიამის ახლობელმა.
მარიამი, როგორც თავად წერს სოციალურ ქსელში თავის ყველა გამარჯვებას გარდაცვლილ ძმას, ნიკოლოზს უძღვნის.
ვულოცავთ მარიამს და მომავალი მიზნების ასრულებას ვუსურვებთ.