პრემიერ-მინისტრმა ვაკის პარკში შეკრებილ ომის ვეტერანებს სიტყვით მიმართა და გამარჯვების დღე მიულოცა.
„საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ბრძოლაში – ჩვენმა თანამემამულეებმა თავგანწირვით იბრძოლეს ფაშიზმის წინააღმდეგ. საქართველოდან წასული 300 ათასამდე მებრძოლი გმირულად დაეცა ამ ომში, მარტო ქერჩის ბრძოლებს 120 ათასი ქართველი შეეწირა. ჩვენ სამშობლოს ბევრი სახელოვანი გმირი ჰყავს, ბევრის თავდადება კი დღემდე უცნობია. მინდა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, გმირების უკვდავ სახელებს“ _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც მიულოცა.
„9 მაისი მინდა მივულოცო მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს. საქართველომ მასიური ჰეროიზმის ყველაზე გამორჩეული მაგალითი აჩვენა. მოსახლეობასთან შეფარდებით ჩვენ ყველაზე დიდი მსხვერპლი გავიღეთ ამ ომში, და ჩვენი ღირსების საქმეა, ხელისუფლების, საზოგადოების ღირსების საქმეა, რომ ეს ხალხი, ვეტერანები დაფასებული გვყავდეს. ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ მათი ღვაწლი დაფასებული იყოს, მათი სოციალური პირობები გაუმჯობესებული, მაგრამ ყველაზე უფრო რაც ჭირდებათ ამ ადამიანებს, ეს არის სწორედ ურთიერთობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც დარწმუნებული ვარ მათ ცხოვრების და არსებობის სტიმულს მისცემს. მე მინდა მათ დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო.“ _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.