მარადიული ცეცხლის ანთება საბრძოლო დიდების ობელისკთან, „გმირთა მოედანზე“ მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვეტერანებს სიტყვით მიმართეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვეტერანებმა კი ომის დღეები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის უფროსის, ილია ლეჟავას თქმით, ვეტერანების რიცხვი ყოველ წელს იკლებს. 2012 წლიდან დღემდე 17 ადამიანი გარდაიცვალა და ახლა 9 მაისს 57 ვეტერანი ხვდება.
– 68 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან. საქართველოდან 700 000 კაცი წავიდა, დაახლოებით 320 000 დაბრუნდა. ოზურგეთიდან 8 200 ადამიანი წავიდა სამამულო ომში და ცოცხალი 3 100 ადამიანი დაბრუნდა. აქედან 700 ხეიბარი იყო. დღეს 57 ადამიანი არის ცოცხალი და გმირთა მოედანზე აღვნიშნავთ გამარჯვების დღეს, _ გვითხრა ილია ლეჟავამ.
ოზურგეთელი ესთერ ფასეიშვილი „გმირთა მოედანზე“ ყვავილით და სანთლით მოვიდა. ყოველი წელს ასე აკეთებს:
_ ჩვენ რანი ვიქნებოდით, 100 000 მოწამე რომ არ გვყოლოდა და მეოცე საუკუნეში ეს ხალხი, რომლებმაც სამამულო ომში გაიმარჯვეს. ჩემი მშობელი, ნათესავები და ახლობლები იმყოფებოდნენ ომში. ბიძაჩემი ომის დაწყების მეორე დღესვე წაიყვანეს და იმის მერე არავის გვინახავს. განცდა არის ის, რომ ყოველთვის მეტირება ამ დღეს. მამაჩემს ყოველთვის უყვარდა 9 მაისის აღნიშვნა. მის საპატივცემულოდ ამ დღეს, სახლში, მეგობრებთან ერთად ვიკრიბებით, მანამდე კი გმირთა მოედანზე მოვდივარ ყვავილით და სანთელს ვანთებ, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ესთერ ფასეიშვილმა.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, შოთა მანჯავიძე 86 წლისაა.
შოთა მანჯავიძე: _ ძალიან რთული პერიოდი იყო. 18 წლის არ ვიყავი, ომში რომ წავედი. ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და სამშობლოს დასაცავად. ახლა ვიხსენებდი ჩემს მეგობრებთან. პური და მისაყოლებელი ერთად არ გვიჭამია. ომის შემდეგ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, ცოლი მოვიყვანე, შვილები მყავს, შვილიშვილები და შვილთაშვილები.
ისიდორე ბურჭულაძე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე: _ ახლა 88 წლის ვარ და უკვე 68-ჯერ აღვნიშნავ 9 მაისს. ომში ბაქოს გავლით წავედი. 17 წლის გახლდი, როდესაც წამიყვანეს. ჯერ მამაჩემი წაიყვანეს და შემდეგ – მე. დონეცკში ვიყავი და ოთხი წელი მომიწია ომში ყოფნა. მეტი დაფასება გვჭირდება, ჩვენს მხრებზე გადავიდა ის ავბედითი დღეები. დღეს არავითარი საჩუქარი არ მიგვიღია, „ბაბულიკების“ მრცხვენია, თორემ მე საჩუქარი რად მინდა?
„გურია ნიუსთან“ საუბრის დროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ განაცხადა, რომ ვეტერანებისთვის მიძღვნილი საზეიმო კონცერტის დასრულებისთანავე, მათ საჩუქრად გადაეცემათ 50-50 ლარი და ასევე იქნება ლანჩი.