სტუდენტებთან შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა, შესაბამისად, მედიას მისი გაშუქების საშუალება არ მიეცა. შეხვედრიდან გამოსული სტუდენტების ერთი ნაწილი კმაყოფილი ჩანდა, მეორე ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ მათ კრიტიკული შეკითხვების დასმის უფლება არ მისცეს.
“რადგანაც დარეგისტრირება თავისუფალ რეჟიმში შევძელით, გვეგონა არც კითხვების დასმაზე იქნებოდა პრობლემა. სამწუხაროდ, კითხვებს სვამდნენ ის ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ შეხება უნივერსიტეტთან და წარმოადგენდნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს. ისინი ძირითადად მადლობებს უხდიდნენ სააკაშვილს მის მიერ გატარებული რეფორმების გამო,” _ ამბობს თსუ-ს სტუდენტი გიორგი ბენაშვილი “გურია ნიუსთან”.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა კი განაცხადა, რომ კრიტიკულ შეკითხვებზე შეზღუდვა არ ყოფილა და კითხვის დასმის საშუალება ყველას სტუდენტს მიეცა. ხოლო მათ ვისაც პრეზიდენტთან არანაირი კითხვა არ ჰქონდათ, სასტვენების ფონზე დატოვეს დარბაზი.
“რა თქმა უნდა, კრიტიკული შეკითხვები დაისვა, ხოლო მათ ვინც კითხვის დასმა ვერ მოასწრო, პრეზიდენტი ხვალ “ილიაუნში” ელოდება ანალოგიურ შეხვედრაზე. დაახლოებით 8 სტუდენტი იდგა რიგში, მათ კითხვის დასმა ვერ მოასწრეს. პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა სტუდენტებს, რომ მოუცლელობის გამო ვერ მოუსმენდა და ხვალინდელ შეხვედრაზე სთხოვა მისვლა,” _ამბობს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძე.
“გურია ნიუსის” კითხვაზე დაისვა თუ არა შეხვედრაზე კრიტიკული კითხვები, ბანძელაძემ განაცხადა: “ყველაფერი ჰკითხეს, პასუხისმგებლობას თუ გრძნობ, რაც გააკეთეო, ცოცხები ჰკითხეს, სოციალური პროექტების მიუხედავად არჩევნები რომ წააგეო ისიც ჰკითხეს. ორმა ბიჭმა იცი რა “დასტოინად” ჰკითხა, ჩვეულებრივად იდგა და გაურჩია საქმე სასტვენების გარეშე. მერე ესენი ახტნენ, იშვიშტოკეს და პრეზიდენტმა სთხოვა ჩეგევარებმა დაგვტოვეთო”.