“გურია ნიუსი” აღნიშნული ფაქტის შესახებ გუშინ წერდა. ზაზა მ-ს დაკავების შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მთავარმა პროკურორმა, კახა კოჩივარმაც დაგვიდასტურა, თუმცა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საუბარს მოერიდა. ჩვენი შეკითხვა, ზაზა მ-ს დაკავება უკავშირდებოდა თუ არა ოზურგეთის ცენტრში დაჭრილ ბიზნესმენების საქმეს, კოჩივარმა უპასუხოდ დატოვა.
დღეს კი, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ დაკავებულს ბრალი სხვა დანაშაულებებთან ერთად, ბიზნესმენების დაჭრაშიც ედება.
სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა მ-მ 3 მაისს ქალაქ ოზურგეთში, აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, „მაკაროვი”-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით რევაზ მახარაძე და გელა კობალაძე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა წარსულში ოზურგეთის პურის ქარხნიდან დანის მუქარით 600 ლარი გაიტაცა.
სამართალდამცველებმაზაზა მ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ჩოხატაურში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი”-ს ტიპის პისტოლეტის 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების და ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 118-ე, 236-ე, 178-ე მუხლებით).
ზ.მ. შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩოხატაურში, ძარცვის ფაქტზე დააკავეს.