გასულ კვირას, “გურიის ინვალიდთა ასოციაციაში” ინტელექტუალური თამაში: “რა? სად? როდის?” ჩატარდა. კულტურის და დასვენების პარკის დირექტორის ავთანდილ სირბილაშვილის მეშვეობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ოთხ გუნდად დაიყვნენ და მეტად საინტერესო თამაში აჩვენეს სტუმრებს.
“მზის სხივი”, “ნიჭიერი”, “ლიდერები” და “ცეცხლი” სხვადასხვა სახით შეეჯიბრნენ ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშებში. შესვენებისას კი, მუსიკალური ნომრებით წარდგნენ გურიის ინვალიდთა ასოციაციის ბენეფიციარები. საბოლოო შედეგით, პატარა ასაკის ბენეფიციარებს შორის, გამარჯვება “ნიჭიერის” ინტელექტუალებმა მოიპოვეს, უფროს ასაკიანთა შორის კი, ლიდერობა “ლიდერებმა” არავის დაუთმეს. ღონისძიების დასასრულს, თბილისიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა გურამ ნიკოლაიშვილმა და მისმა მეგობრებმა, თითოეულ მათგანს ძვირადღირებული წიგნები გადასცა საჩუქრად, ასევე მათ ერგოთ პატივი, გურიის ყოფილი გუბერნატორის რამაზ ნიკოლაიშვილის მიერ გამოგზავნილი ლეპტოპი ნათია ხელაძისთვის გადაეცათ.
ღონისძიების კულმინაცია კი მიშიკო კვირკველიას და მისი მეგობრების “განდაგანა” იყო, რომელიც სტუმრებს ძალიან მოეწონათ. როგორც გურიის ინვალიდთა ასოციაციაში გვითხრეს, მსგავსი შეხვედრები ხშირად ჩატარდება, თვეში ერთხელ მაინც და ახალგაზრდები ერთმანეთს გაეჯიბრებიან ინტელექტუალურ ცოდნაში.