როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის პრესსამსახურის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ გვითხრა, მოსახლეობის მოთხოვნით, გამგეობამ შეიტანა საკრებულოში ინიციატივა, რომ ძეგლი დაუბრუნდეს ქალაქის ცენტრს. არის კომისიებში განსახილველი რიგი იურიდიული საკითხები, რომლის განხილვაც მიმდინარეობს.
_ გამგებელი ზაზა ურუშაძე ყველანაირად ცდილობს მოსახლეობის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს, _ გვითხრა სულაბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ “აჯანყებული გურულის” ძეგლი ლანჩხუთში გამჭვირვალე პოლიციის შენობის შენებას შეეწირა. ლანჩხუთის ცენტრში პოლიციის შენობის გახსნიდან რამდენიმე დღეში “აჯანყებული გურული” ღამით ჩუმად მოხსნეს და რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააგდეს. მოგვიანებით მას რკინის ღობე შემოავლეს. ძეგლის ადგილას კი სკვერი გაშენდა. გურულები ამბობენ, რომ პოლიციის გახსნაზე ჩამოსულ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ძეგლი არ მოეწონა და მისი გაქრობა ბრძანა.
აჯანყებული გურულის ძეგლი ლანჩხუთში 1985 წელს დაიდგა. იგი მოქანდაკე, გოგი ოჩიაურის სადიპლომო ნამუშევარი იყო. თუმცა, თავად ოჩიაურს ძეგლის მოხსნასთან დაკავშირებით თავის დროზე საყვედური არ გამოუთქვამს.