ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის ოფისი ოზურგეთის რკინიგზის შენობის პირველ სართულზე უნდა გახსნილიყო, იქ კიდევაც მოხდა შეკრება, მაგრამ მოგვიანებით “ქართული ოცნების” წევრებმა ოფისი დატოვეს.
_ ის შენობა სადაც ვიყავით, სახელმწიფო ბალანსზე იყო და აქედან გამომდინარე, არ შეიძლებოდა იქ პარტიის ოფისის გახსნა, _ გვითხრა დათო დარჩიამ.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” ძველ ოფისს, წინასაარჩევნოდ, საქართველოს კონტროლის პალატის უწყება ოზურგეთელ ვასილ ბლაგიძეს მოუვიდა, რომელიც არ იყო არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და მხარდამჭერი. ის ოზურგეთში იმ ოფისის მფლობელი გახლდათ, სადაც “ქართული ოცნება” იყო განთავსებული. კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა ბლაგიძე ლანჩხუთში, 1012 წლის 3 მაისს 3 საათზე დაიბარეს.
_ მივედი 3 საათზე, დამხვდა ორი პოლიციელი, შემამოწმეს დეტექტორით, დამკითხა კონტროლის პალატის წარმომადგენელმა თენგიზ გეწაძემ.
მომთხოვეს საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” მაქვს გაფორმებული. კითხვები იყო ერთი და იგივე, ისეთი, როგორიც ორი თვის წინ და თანხებს ეხებოდა. თუმცა, დაკითხვის პროცესი სხვანაირად წარიმართა _ ყველაფერი ვიდეოთი დაფიქსირდა, ჩაწერა დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვიკითხე, ხელმეორედ დაკითხვას რატომ მიწყობთ, ამ კითხვებზე ერთხელ ხომ უკვე გიპასუხეთ,-მეთქი. მიპასუხეს, ახლა ყველაფერი ვიდეოჩაწერით უნდა დაფიქსირდესო. არ ყოფილა ზეწოლა, არც მუქარა, უბრალოდ დაინტერესდნენ, გავაგრძელებდი თუ არა ხელშეკრულებას “ქართულ ოცნებასთან”. ეს ხელშეკრულება მაისში მთავრდება. მე აღარ მსურს, რომ ფართი გავაქირავო, ჩემი ოფისის გაყიდვა მინდა, რაზეც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თანახმა არ არიან _ მათ მხოლოდ ქირაობა უნდათ. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულება აღარ გავაგრძელებ, _ამბობდა 2012 წლის 4 მაისს “გურია ნიუსთან” საუბარში ვასილ ბლაგიძე.