“დღეს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე არაერთი განცხადება გააკეთა, ძირითადად ქება- დიდება საკუთარი თავისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის. განაცხადა, რომ რეალურად ქვეყანაში არანაირი პრობლემები არ არის.
ბატონ პრემიერ-მინისტრს საკუთარი გუნდის წევრები ატყუებენ და მას არ აქვს რეალური ინფორმაცია რა ხდება დღეს ქართულ ეკონომიკაში, ან პრობლემები აქვს საკუთარ კომპეტენციასთან. ეტყობა, ვერ იაზრებს იმას, თუ რა მდგომარეობაშია ქართული ეკონომიკა. ის რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ყველა ნიშანია, ამაზე საუბრობს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და ეს არ არის “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაცია. რაც უფრო დროზე გაიაზრებს ამას პრემიერ-მინისტრი და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები იყო გაყალბებული და სინამდვილეში ქვეყანას არანაირი წარმატება არ აქვს, ეს არის ამ ქვეყნისთვის საზიანო და კარგად უნდა ესმოდეს. ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია უცხოურ ინვესტიციებზე. რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ქვეყანაში, პირდაპირ კავშირშია უცხოურ ინვესტიციებთან. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ეკონომიკური მაჩვენებლები არის გაყალბებული, პირველ რიგში აფრთხობს ამ ინვესტორებს.
იმედი მაქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დროზე გაიაზრებს ამას და აღარ გააკეთებს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს,”_ განაცხადა ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.