“პირველ რიგში განივიხილეთ საარჩევნო ბიულეტენის ფორმა, რომელიც ჩვენმა კომიტეტმა დაამტკიცა, ასევე ყველას წარვუდგინეთ მოქმედი მოსამართლეების სია, ვისაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კონფერენციაში და კენჭისყრაში, ასევე განვიხილეთ მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგის პროექტი. ვამბობ პროექტს, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ ამოქმედებულა ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში. მისი ამოქმედებისა და ძალაში შესვლის შემდეგ ადმინისტრაციული კომიტეტი დაამტკიცებს დღის წესრიგს, რომელშიც შესულია ყველა საკითხი დაწყებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარის არჩევიდან, დამთავრებული სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევით, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი. ამ სხდომაზე ვიმსჯელეთ თარიღზე, თუ როდის შეიძლება დაინიშნოს მოსამართლეთა კონფერენცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ იმიტომ რომ ცვლილებები ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ არ არის ძალაში შესული.”
კოტე კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ამ კვირის ბოლოს შევა ძალაში, რის შემდეგაც ადმინისტრაციული კომიტეტი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და კონფერენციის ზუსტ თარიღს დანიშნავს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველა საკითხის განხილვა და ყველა არჩევნების ერთ დღეში ჩატარება ვერ მოესწრება. მისი თქმით, ფარულ კენჭისყრას, რომელშიც სავარაუდოდ 200 და მეტი მოსამართლე მიიღებს მონაწილეობას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება და დარჩენილი პროცედურები ერთი კვირის თავზე ჩატარდება.