(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთში წამლები, თბილისთან შედარებით, თითქმის ორჯერ ძვირია, _ არაერთხელ ჩივიან ამის შესახებ ოზურგეთელები. “გურია ნიუსი” დაინტერესდა და რამდენიმე აფთიაქში სხვადასხვა მედიკამენტების ფასი დედაქალაქში არსებულ ფასს შეადარა. აღმოჩნდა, რომ მომხმარებლები არ ტყუიან და ყოველდღიური მოხმარების წამლები, ურომლისოდაც ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ძალიან ძვირია თბილისში არსებულ ფასებთან შედარებით. ასე, მაგალითად, 10 ცალი ნოშპა თუ დედაქალაქში 50-55 თეთრი ღირს, ოზურგეთში 95 თეთრი ან 1 ლარი ღირს, ციტრამონი აქ 25-30 თეთრი ღირს, თბილისში კი _ 15-20 თეთრი.
როგორც ოზურგეთში არსებული სხვადასხვა აფთიაქის მფლობელი თუ მასში მომუშავე პერსონალი აღნიშნავს, თბილისში ამას, ალბათ, მერია არეგულირებს და პირდაპირ ხდება მედიკამენტების მიწოდება, რეგიონებზე კი ეს არ ვრცელდებაო, თან სიტყვა მოგვაწიეს, მთლად ჩვენს ნათქვამს ნუ დაეყრდნობით, იქნებ ასე არც არისო.