ჩვენ დღეს რამდენიმე ჩოხატაურელ მოქალაქეზე შევაჩერებთ ყურადღებას _ ციური ბადრის ასული კალანდაძე, 76 წლის, მარტოხელა, სოფელი ხიდისთავი; ჩიტო ვლადიმერის ასული სიხარულიძე, 91 წლის, მარტოხელა და ევგრაფი ვლადიმერის ძე სიხარულიძე, მარტოხელა, სოფელი გოგოლესუბანი (ქალბატონი ჩიტო და ბატონი ევგრაფი და-ძმა არიან და ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავთ).
ამ ადამიანებს ერთი პრობლემა აერთიანებთ _ ისინი 2013 წლამდე რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და ყოველთვიურად ფულად დახმარებასაც იღებდნენ, 2013 წლიდან კი დახმარება მოეხსნათ. “ასაკი მოგვემატა, ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაგვიუარესდა, არაფერი შეგვმატებია პრობლემების გარდა. რატომ მოგვემატა სარეიტინგო ქულა? _ კითხულობენ ისინი.
ჩვენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს ვეწვიეთ. ჩვენი გაოცება გამოიწვია მონაცემთა ბაზამ, სადაც სამივე პიროვნების სოციალური მდგომარეობა შეფასებულია, როგორც ღატაკი და ყველა ჩამოთვლილი გრაფა შეფასებულია ნულით, თუმცა, რატომ მოეხსნათ დახმარება ამ ადამიანებს, ამ კითხვაზე პასუხი ვერც სოციალური სამსახურის მუშაკებმა გაგვცეს.