ოფისის ხელმძღვანელი გია ფირცხალაიშვილი იქნება. ორგანიზაციას ეყოლება ახალგაზრდული ფრთა, რომელსაც ვლადიმერ ჩხაიძე უხელმძღვანელებს, ეყოლება ასევე უხუცესთა საბჭო _ ხელმძღვანელი ჯანო ქინქლაძე.
მოძრაობის წევრებმა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ კარავი სულ ცოტა ხნის წინ აიღეს და ამჯერად, ოფისში გადაინაცვლეს.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა და უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ჯანო ქინქლაძემ გვითხრა, მოძრაობა არ შეეგუება უსამართლობას ლანჩხუთში: “ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვებრძოდნენ, მხილებულები იყვნენ ხალხის მოსყიდვაში, თუმცა, ისინი დღეს თანამდებობებზე არიან. უსამართლობაა ისიც, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად, სოფლის მეურნეობის სამსახურში სპეციალისტად დაინიშნა “ნაციონალის” ახლობელი _ თამარ როყვა. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე.
რაც შეეხება კარვის აღებას, ჩვენი მისია შევასრულეთ _ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით 14 000 ხელმოწერა შევაგროვეთ. ასევე, შეიცვალა გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და იქმნება ახალი კომისია, რომლის შეცვლასაც ჩვენ მოვითხოვდით.
რაც შეეხება ხვნა-თესვას, ჯერჯერობით, პრობლემებია _ არასაკმარისი ტექნიკის გამო, მოსახლეობას ყანები ჯერ დახნული არ აქვთ. აკეთსა და მამათში უკვე თესვას ამთავრებენ, ლანჩხუთში ჯერ დახნულიც კი არაა მიწები. ამას მოსახლეობა გვეუბნება.
გამგებელი საკმაოდ ბევრს აკეთებს, განსაკუთრებით, მისასალ-მებელია ის, რომ ფეხბურთს მიხედა. ლანჩხუთელებისთვის ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი მიზანია ადამიანების დასა-ქმება, მაგრამ თუ თითო-ოროლა ადგილი გამოჩნდება ახალ სამსახურში, ისეთი ადამიანი ინიშნება, რომელსაც თანამდებობა არ ეკუთვნის. საკრებულოსთან გვაქვს ძალიან დიდი პრეტენზია. ფინანსებს, ძირითადად, ისინი განკარგავენ. მოხარული ვიქნებით, თითოეულ თეთრს თუ ექნება სწორი მიმართულება იმ გაგებით, რომ დაიხარჯოს ხალხის სასიკეთოდ, რაიონის სასარგებლოდ და არა იმათთვის, ვინც იქ სხედან და პრემიებს იღებენ. შენ პრემიას იღებ, შენ წინ კი ვიღაც სანაგვეზე პურის ნამცეცს ეძებს, რომ შიმშილით არ მოკვდეს _ აი, ასეთ უსამართლობას ვებრძვით და ვიბრძოლებთ ბოლომდე.
მე, პირადად, პრეტენზია არ მაქვს სამსახურზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიბრძოდი. მიტინგი არ ყოფილა, რომ არ მიმეღოს მონაწილეობა და წინა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება არ გამომეხატოს, მაგრამ მე ვითხოვ ახალგაზდების დასაქმებას. ასე აღარ უნდა იყოს _ თუ სკამზე მოიკალათა, იქ უნდა მოკვდეს. დამთავრდა შენი დრო და წადი, სხვას დაუთმე ადგილი,” _ გვითხრა ჯანო ქინქლაძემ.