წინა ხელისუფლებამ ახლოსაც არ გაიკარა ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი დაპირება სწორედ ის იყო, რომ ამ ვალებს გაისტუმრებდნენ. მაგრამ, არაფერი გაუკეთებიათ.” _ აცხადებს დავით ონოფრიშვილი “გურია ნიუსთან”.
ბოლო პერიოდში, საბჭოთა ანაბრების მივიწყებული თემა კვლავ აქტუალური გახდა. ზოგი ფიქრობს, რომ ივანიშვილის მთავრობა დააბრუნებს სახელმწიფოს დავალიანებას მეანაბრეების მიმართ, ზოგიც “ნაცმოძრაობას” ახსენებს თავის დაპირებას ხელისუფლებაში მოსვლისას. ფაქტია, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში საბჭოთა ანაბრების საკითხი დღემდე გაურკვეველია. ყოფილმა მეანაბრეებმა არ იციან რა ბედი ელის მათ ანაბრებს, დაუბრუნდება თუ არა ოდესმე და ვინ არის დამნაშავე ამ პროცესებში.
საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გივი თარგამაძეს კი მიაჩნია, რომ საბჭოთა ანაბრების თემა პოპულისტური იყო ადრეც და ახლაც.
“გურია ნიუსთან” საუბრისას ის აცხადებს, რომ მართალია ანაბრების თემა “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დაპირება იყო, მაგრამ ის რეალობასთან ახლოს არ მივიდა და შესაბამისად, მისი დაბრუნებაც ვერ მოხერხდა.
_ ბატონო გივი, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ დღევანდელი ხელისუფლების დროს მოხდეს საბჭოთა ანაბრების თემის შესწავლა და დაბრუნება დაზარალებული მეანაბრეებისთვის?
_ ანაბრების დაბრუნება, რა თქმა უნდა, არარეალურად მიმაჩნია. ეს, რომ რეალობასთან ახლოს იყოს, ბუნებრივია, ყველას გვაქვს სურვილი სამართლიანობა აღდგეს და ხალხმა თავისი ნაშრომი დაიბრუნოს. მაგრამ, მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ეს შეუძლებელია. საკმაოდ დიდი დრო გავიდა, შეიცვალა ყველაფერი და ძალიან რთულია ამ თანხების აკუმულირება. ადრეც იყო პერიოდები, როდესაც საბჭოთა ანაბრები პოპულისტურ თემად გამოიყენებოდა. მინდა გითხრათ, ახლაც მიმაჩნია, რომ ეს პოპულისტური თემაა.
_ სწორედ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დაპირებებში ეკავა საბჭოთა ანაბრების დაბრუნებას მნიშვნელოვანი ადგილი .
_ დიახ, იყო ასეთი დაპირება, მაგრამ რეალობასთან არ მივიდა და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.