_ პირდაპირ გეტყვით ეს არის “ქართული ოცნების” საქმე და არავის აქვს უფლება განსაჯოს, თუ ვის წარმოადგენს “ქართული ოცნება” პრეზიდენტობის კანდიდატად. რაც შეეხება “დემოკრატიულ მოძრაობას” ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმები და ამის შესახებ საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, _ გვითხრა ზაზა სოფრომაძემ.
გიორგი მარგველაშვილზე კი ასეთი კომენტარი გააკეთა: “რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, ბუნებრივია არაკორექტური იქნება ჩემი მხრიდან გარკვეული შეფასებების გაკეთება.”
“დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, მანანა სალუქვაძემ ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს ის პირადად იცნობს და ძალიან კარგი შთაბეჭდილება აქვს მასზე.
_ ის ძალიან კარგი და განათლებული ადამიანია, უსაზღვროდ კომპენტეტური და ნიჭიერი. როდესაც გავიცანი, ერთად ვიყავით ქალბატონ ნინო ბურჯანაძის მიერ დაარსებულ “დემოკრატიული განვითარების ფონდში” და ერთად ვაყალიბებდით ამ ფონდს. რაც შეეხება მის საპრეზიდენტო კანდიდატურას – მე ვთვლი, რომ გიორგი კარგი მეცნიერია, ძალიან კარგი ადამიანი, მაგრამ საპრეზიდენტოდ ცოტა სხვანაირი ტიპის ადამიანი, უფრო პოლიტიკოსი მესახება.
_ კონკრეტულად როგორი? ნინო ბურჯანაძეს ხომ არ გულისხმობთ?
_ რასაკვირველია, ვისაც უფრო დიდი პოლიტიკური გამოცდილება და პოლიტიკური წონა აქვს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. _ განაცხადა მანანა სალუქვაძემ.