ხვალ, 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მართალია ამ აქციას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ დაპირისპირების წინააღმდეგნი არიან და მის დასრულებამდე რუსთაველის გამზირზე სწორედ ამ მიზნით იდგებიან.
“ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ არ მოხდეს დაპირისპირება,” _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საგურამოს წმიდა ილია მართლის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ტარიელი. მისივე განმარტებით, სასულიერო პირები არავის პირად საქმეში არ ერევიან და მხოლოდ პროტესტს გამოხატავენ.
“ჩვენ ამას აქციას არ ვეძახით, ჩვენ ამას ლოცვას ვეძახით. იმათი მიზანი არის “პარადის” ჩატარება. ჩვენ ამ “პარადის“ წინააღმდეგი ვართ. არ გვინდა ცოდვას რეკლამა და აფიშირება გაუკეთდეს, რათა ვიღაცა არ ცდუნდეს, არ ეგონოს დაკანონება. ეს შეიძლება მოეწონოს და ამისთვის ღვთისგან დაისაჯოს ეს ადამიანი.
ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა ჩაატარონ აქცია, მაგრამ, თუ ჩაატარებენ, ეს მათი პირადი საქმეა. ჩვენ არავის პირად საქმეში არ ვერევით. ჩვენ გამოვხატავთ მხოლოდ პროტესტს. ეს “პარადი” არის გამიზნულია იმისთვის, რომ მოხდეს დაპირისპირება და რაღაც პროვოკაციები. სანამ ისინი არ ჩაივლიან, აქ ვიქნებით. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ არ მოხდეს დაპირისპირება,” – განაცხადა დეკანოზმა ტარიელმა.
17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, რამდენიმე ორგანიზაცია მშვიდობიან აქციას გეგმავს, რათა ფართო საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის პრობლემისკენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი იმედოვნებენ, რომ 2012 წლის 17 მაისს, თბილისში მშვიდობიანი მსვლელობის დარბევისგან განსხვავებით, აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება სამართალდამცავთა მიერ.