“საია”-ს ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის თქმით, პოლიციამ ვერ უზრუნველყო შემთხვევის ადგილზე ძალადობის თავიდან აცილება და კონტრდემონსტრანტების შეკავება.
“ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია, სამწუხაროდ, ძალადობით დასრულდა. აქციას არასწორად მიეცა აღლუმის ინტერპრეტაცია, რადგან სინამდვილეში, ეს იყო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული მდუმარე აქცია, რომელიც 30 წუთი უნდა გაგრძელებულიყო.
სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სათანადო ღონისძიებების გატარება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ სავარაუდოდ, ადგილი ექნებოდა ძალადობას, ფაქტია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პრევენციული ღონისძიებების გატარება,” _ განაცხადა კახა კოჟორიძემ.
არასამთავრობოები თვლიან, რომ პოლიცია, ხშირ შემთხვევაში, უმოქმედობას იჩენდა, რაც შესაძლოა მათი რიცხობრივი სიმცირით იყო გამოწვეული, თუმცა ყველა შემთხვევაში, პოლიციას უნდა უზრუნველეყო ადგილზე საჭირო რაოდენობის სამართლადამცველთა მობილიზება.
“გაუგებარია და მიუღებელია, როდესაც ქრისტიანული მორალის და ქართული ტრადიციების სახელით ხდება სუსტის დაჩაგვრა,” _ განაცხადა კახა კოჟორიძემ და პოლიციას კონკრეტული მოძალადეების პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.
განცხადება რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენებისა და პოლიციის უმოქმედობის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა, მათ შორის: “საია”-მ, “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ”.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათი მონიტორები დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ მოვლენებს, აქვთ ძალადობის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვადასხვა საელჩოებს მიაწვდიან.