ვარსკვლავის გახსნამდე ანსამბლმა ორსაათიანი შოუ-პროგრამა წარმოადგინა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კოტე შარაშენიძის თქმით, დღევანდელი დღე ოზურგეთელებისთვის დაუვიწყარი დარჩება: _ მადლობა უფალს იმისთვის, რომ ჩვენ ქალაქს მოგვევლინა ადამიანი, 78 წლის წინ ბატონი ჯემალ ჭკუასელი, რომელიც დღეს მშობლიურ ოზურგეთში აღნიშნავს დაბადების დღეს, _ თქვა კოტე შარაშენიძემ.
მანვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აუცილებელია, ოზურგეთი გადაიქცეს ფოლკლორის ქალაქად, რაც წინა ხელისუფლების დროსაც რამდენჯერმე გაჟღერდა.
დავით ოქიტაშვილი, ხელოვანთა პროფკავშირის თავმჯდომარე: _ ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და მე მიხარია, რომ ასეთი გამოჩენილი ანსამბლის ხელმძღვანელის ვარსკვლავი იხსნება ზუსტად იმ ქალაქში, სადაც ის გაიზარდა და დაიბადა. ყველაზე დიდი ბედნიერება ხალხის სიყვარულია. ხალხის სიყვარული აბსოლუტურად ყველანაირ ვარსკვლავს ჯობია. შენ თუ ხალხს არ უყვარხარ და არ დაიმსახურე ხალხისგან სიყვარული, ეს ყველაფერი არაფერია. დიდი მადლობა გურულებს, დიდი მადლობა ოზურგეთელებს ასეთ თბილი დახვედრისთვის.
ვარსკვლავის გახსნის შემდეგ ჯემალ ჭკუასელმა მცირე კომენტარი გააკეთა მედიის წარმომადგენლებისთვის: _ ვეღარაფერს ვლაპარაკობ სიხარულისგან, ყველას მადლობა ყველაფრისთვის, ვინც ეს ზეიმი მომიწყო, “ერისიონი” არის ერის ანსამბლი და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!