(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო თასის მფლობელი, მრავალგზის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ლაშა ლომაძე გურიის ოლიმპიურ კომიტეტს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გურიის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა 12 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ლაშა ლომაძემ ამ თანამდებობაზე ვახტანგ ბალავაძე მას შემდეგ შეცვალა, რაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ყოფილი პრეზიდენტი კომიტეტთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.
რიგგარეშე სხდომას ადგილობრივი სპორტის ყველა სახეობის ფედერაციების წარმომადგენლები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. ალეკო მამეშვილის თქმით, მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი ოლიმპიური კომიტეტის ყველა ის ინიციატივა და აქტივობა, რაც სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს და სპორტსმენების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ლაშა ლომაძე გურიის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტის რიგით მეოთხე პრეზიდენტია. ოლიმპიური კომიტეტი გურიაში 1992 წელს შეიქმნა.