პრობლემა, რომელზეც საპენსიო ასაკში მყოფი გურული გვესაუბრა, არ არის მარტო აცანელების მოთხოვნა.
“ვარ სოფელ აცანის მკვიდრი, ჩაგმედ ჩხაიძე. გვინდა, რომ პენსიას სიკვდილამდე მოვესწროთ. ვიცით, რომ სახელმწიფოს უჭირს, მაგრამ მოსახლეობასაც ძალიან უჭირს, აქედან გამომდინარე ოჯახები შემოსავლის გარეშე არსებობენ, თუ ამს არსებობა ჰქვია! ჯერ კიდევ არჩევნებამდე სოფლის მოსახლეობას შეხვედრა გვქონდა კახი კალაძესთან და ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატთან, თემურ ჩხაიძესთან. პირადად კახი კალაძე დაგვპირდა, რომ რაკი საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში ყველაზე დიდი საპენსიო ასაკი საქართველოშია, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ვიზრუნებთ, რომ ეს ასაკი შემცირდესო.
საპენსიო ასაკის შემცირების მოთხოვნით ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. გვინდა, რომ ეს საკითხი პარლამენტამდე მივიდეს და მიეცეს მსვლელობა კანონპროექტის განხილვას. დანაპირები დანაპირებად ხომ არ უნდა დარჩეს?
პირადად კახი კალაძესა და ჩვენს დეპუტატს ვთხოვთ ამას _ რომ დაგვპირდნენ, შეასრულონ დანაპირები. თემურ ჩხაიძეს ადგილობრივი მედიის საშუალებით მივმართეთ და შევახსენეთ ეს დანაპირები, მაგრამ ჩვენ მიმართვას არანაირი რეაგირება არ მოყოლია. ახლა “გურია ნიუსის” საშუალებით კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ამ საკითხის გადაწყვეტა. ხელმოწერებს აუცილებლად შევაგროვებთ და იმედია იქამდე არ მივალთ, რომ გზები გადავკეტოთ და ან სხვა ხერხებს მივმართოთ. დანაპირები უნდა შესრულდეს და მარტო წინასაარჩევნო დაპირებად არ უნდა დარჩეს!” _ ამბობს ჩაგმედ ჩხაიძე.