ერთ-ერთი, ყველაზე უმცროსი, ოთხი წლის თამარი, მძიმე ავადმყოფია. იმდენად გამხდარია, რომ ოთხი წლის ბავშვი გაცილებით პატარა ასაკისა გეგონებათ. როგორც მშობლები ამბობენ, გამოკვლევაზე არასდროს ჰყოლიათ. ისინი ახალ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
ოჯახი ფარღალალა ოროთახიან ბინაში ცხოვრობს, სადაც, როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნითაც. პატარა თამარს ფილტვების ანთება აქვს და დედა წამლების საყიდელ ფულს ხელისუფლებას სთხოვს:
_ გვყავს სამი მცირეწლოვანი შვილი. ისეთი გაჭირვებული ვართ, რომ პატარა, 4 წლის თამარი შიმშილით გვიკვდება, ნახეთ, შეხედეთ, ეს ბავშვი 4 წლის გეგონებათ? დასუსტებულია იმის გამო, რომ სათანადო მკურნალობა და კვება არ აქვს. წონაში ვერ იმატებს. იმის საშუალება არ მაქვს, რომ ბავშვები ნორმალურად გამოვკვებო. მეც ავად ვარ, თან სამი მცირეწლოვანის დედამ, როგორ უნდა შევძლო, რომ სადმე ვიმუშაო? მეუღლე ცალ თვალში ვერ იყურება, შრომისუუნაროა, გვაქვს სოციალური დახმარება, რომელიც პატარას წამლებში არ გვყოფნის. ყველას ვთხოვ დახმარებას, ნახონ, როგორ ვცხოვრობთ. ახლა დამეხმარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე _ 100 ლარი მოგვცა. ჩვენს ოთახში 5 სული ვცხოვრობთ, წინ ფანჯრები არ აქვს, ცელოფანია გაკრული. წვიმაში, თოვლში ყველა მხრიდან გვაწვიმს…
პატარა ბავშვს ახლა ანთება აქვს, ახველებს, თქვენც ხომ ნახეთ, როგორ სუნთქავს? უწამლობით რაღაც დაემართება. ექიმმა ინჰალაცია დაუნიშნა და იმას ვუკეთებთ გაჭირვებით. ჩემი მეუღლე დადის და რაც შეუძლია, ფიზიკურად მუშაობს. ხან ბარავს, ხან სახლებს ალაგებს და თუ ვინმე რამეს გადაუხდის, ეგაა ჩვენი შემოსავალი. 21-ე საუკუნეში ჩვენნაირ გაჭირვებულ ოჯახს სადმე ნახავთ? დაგვეხმაროს ახალი ხელისუფლება, ძალიან გთხოვთ, თორემ ჩემს შვილს რომ რაიმე მოუვიდეს, მერე ხომ იტყვიან, რატომ არ მოგვმართეო? იმ 100 ლარით ექიმთან წავედით. პატარას მაინც დაეხმარონ, წამალი მომცენ, საცოდაობაა, ნახეთ, როგორ მიბნედილია და სუსტადაა? _ ამბობს ქალბატონი ჟუჟუნა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ ის ამ ოჯახს დაეხმარა იმით, რისი საშუალებაც ჰქონდა:
_ დავეხმარე ხუციშვილების ოჯახს. ეს ხომ თვითონაც გითხრეს? _ გვითხრა შარაშენიძემ.