აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობიან. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.
ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის“ შექმნამ წამოჭრა. როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ“. ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.
დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე, კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.
ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.