თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რუსთაველის გამზირზე ხალხთან ერთად სეირნობდა და თითოეულ მათგანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა.
“დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებით ვულოცავ გურიას, ჩემს დედულეთს. ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი ზეიმი გახდა საერთო სახალხო ზეიმი. ეს არ არის მხოლოდ ჩინოვნიკების დღე, ხალხის დღეა.
დღეს არმია და ხალხი ერთია. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც დღეს ფიცი დადო, ვისი საქმეც გახდა დღეს ჩვენი ქვეყნის დაცვა.
მიხარია, რომ არ არსებობს ბარიერი მთავრობასა და ხალხს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნდობა უნდა გაჩნდეს ხალხსა და მთავრობას შორის. სამხედროები და ჩვენი შეიარაღებული ძალები იმდენად რაღაცნაირად საზოგადოების შემადგენელი ნაწილი გახდა, რომ უკვე აღარც ვანსხვავებთ.” _ განაცხადა ალასანიამ.