“გუშინ, 26 მაისს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საკვირაო გადაცემა P.S-ში, გავიდა ვიდეომასალა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს პრეზიდენტის ავღანეთში, ქართველ სამხედროებთან, სტუმრობას ასახავს. ეთერში შეხვედრის კადრებისა და მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის გარდა მოხვდა მასალა, რომელშიც სასადილოში მყოფი პრეზიდენტი ჯარისკაცებს ბოლო პერიოდის სამხედრო ოპერაციების დეტალებზე ესაუბრება. საუბარი შეეხება თემას, თუ რომელმა ქართველმა სამხედრომ რამდენი თავდამსხმელი მოკლა და რა ვითარებაში. მასალაში კარგად ისმის კითხვა პასუხი და ასევე კარგად ჩანან თავად სამხედროებიც.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მსგავსი ვიდეო ფრაგმენტის ეთერში გაშვება დაუშვებელია, რადგან ის ამჟღავნებს სამხედრო ოპერაციის დეტალებს მასში უშუალოდ მონაწილე პირების იდენტიფიცირებით. ამას დაადასტურებენ ქართველი სამხედრო ჟურნალისტებიც, ვისაც უკვე ჰქონია ავღანეთში მუშაობის პრაქტიკა. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ბოლო პერიოდის გახშირებული თავდასხმების შედეგად ქვეყანამ კიდევ 3 სამხედრო დაკარგა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ იმდენად რამდენადაც ეს არ იყო პირდაპირი ეთერი, გადაცემის რედაქტორებს უნდა ეზრუნათ, რომ შეემოკლებინათ ან სრულად ამოეჭრათ მასალიდან ეს ფრაგმენტი, რათა ეთერში არ მოხვედრილიყო პრეზიდენტისა და სამხედროების საუბარი ოპერაციის დეტალების შესახებ.
ქარტია მიმართავს რედაქტორებსა და ჟურნალისტებს, მსგავს მასალაზე მუშაობისას, როდესაც არსებობს თუნდაც სულ მცირე ალბათობა იმისა, რომ სატელევიზიო სიუჟეტმა ან უკომენტაროდ გაშვებულმა მასალამ, რაიმე ზიანი მიაყენოს ადამიანს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ასევე სთხოვს კომპანია “რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელობას, რომ ეთერში გასული ეს მონაკვეთი არ მოხვდეს გადაცემის ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ ვერსიებში.” _ ნათქვამია განცხადებაში.